ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ში მისი მთელი წლის საუბრის აუდიოჩანაწერები აღმოაჩინა

ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ში მისი მთელი წლის საუბრის აუდიოჩანაწერები აღმოაჩინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროში მისი მთელი წლის საუბრის აუდიოჩანაწერები და ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა აღმოაჩინა , - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოზიცია"-ში განაცხადა.

მისივე თქმით, აგენტების შეგზავნა და პირადი ცხოვრებით ოპონენტების შანტაჟი ახალი ხელისუფლების სტილი არ არის. "ჩემი მთელი წლის საუბრის აუდიოფაილები აღმოვაჩინეთ საიდუმლო არქივში, რომლებიც დისკებზე იყო ჩაწერილი. სხვა ძალიან "საინტერესო" მასალებსაც მივაგენით. დაგვხვდა ბევრი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რაც ამაზრზენია და დავრწმუნდით, რასთან გვქონდა საქმე და რა მეთოდებით მუშაობდნენ ოპონენტების მისამართით. საკმაოდ მოცულობითი არქივია. ძალიან მძიმე კადრებია და ამ კადრების გამოქვეყნებას არ ვაპირებ, მაგრამ კონკრეტული პირები ძალიან მალე დაიკითხებიან. ამ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ვიდეოფირები არა მხოლოდ პოლიტიკური პირების, არამედ სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების პირად ცხოვრებასაც ასახავს. "ეს არის დალუქული არქივი და მოხდება მისი სრულად განადგურება. საზოგადოებაც ამ არქივის განადგურების შესახებ ინფორმაციას მიიღებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.