იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი "უფროსი მეგობარი" გახდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პროექტში "ჩემი უფროსი მეგობარი" ჩაერთო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს , პროექტის ფარგლებში თეა წულუკიანი არასრულწლოვან გოგონას დაუმეგობრდა. იუსტიციის მინისტრმა თავის უმცროს მეგობარზე მზრუნველობის ვალდებულება აიღო. 

სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფალი დროის დეფიციტის მიუხედავად, პროექტის მონაწილე სხვა ბენეფიციარების მსგავსად, თეა წულუკიანი არასრულწლოვან მეგობარს პერიოდულად შეხვდება. მინისტრი და მისი უმცროსი მეგობარი პროექტის ჯგუფურ აქტივობებშიც ჩაერთვებიან.

"ჩემი უფროსი მეგობარი" საქართველოს გაერო-ს ასოციაციისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელიც 2011 წლიდან ხორციელდება. პროექტში ჩართული ზრდასრული პირები უმცროს მეგობრებს პრობლემების დაძლევასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში ეხმარებიან.

პროექტის ერთ-ერთ მიზანს მოზარდთა დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს. ორი წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში უფროსი მეგობარი 23-მა არასრულწლოვანმა შეიძინა.