აჭარის მთავრობა მიწისძვრით დაზარალებულთა შემსწავლელ ახალ კომისიას ქმნის

აჭარის მთავრობა მიწისძვრით დაზარალებულთა შემსწავლელ ახალ კომისიას ქმნის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიწისძვრით დაზარალებულთა შემსწავლელ ახალ კომისიას ქმნის. ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. 

ხაბაძის განმარტებით, კომისიამ, რომელიც შექმნილი იყო მიწისძვრით დაზარალებულთა პრობლემების შესასწავლად, ვერ დადო დასკვნა და მათ მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა არადამაკმაყოფილებელია. ხაბაძის თქმით, ახალი კომისია უფრო გამჭვირვალედ და კონკრეტული ინსტრუქციის მიხედვით იმუშავებს.

"მიწისძვრით დაზარალებულთა შემსწავლელი კომისიის მიზანი იყო იმ პრიორიტეტების განსაზღვრა, რაც უცილებელი გახდა დახმარებისთვის. ეს იქნებოდა კომპენსაცია თუ მშენებლობა საცხოვრებელი სახლის. დაგვიდგა პრობლემად, მაგალითად, თუ დაზარალებული ითხოვს ერთჯერად კომპენსაციას, ვთქვათ 5-7 ათასი ლარის ოდენობით, იმ კომისიამ, რომელიც ადრე იყო შექმნილი, ვერაფრით ვერ დაასაბუთა, რეალურად ეს 7 ათასი ლარი საკამრისია ოჯახის პირობების გასაუმჯობესებლად თუ არა. ამიტომ, შეიქმნება კომისია, რომელიც მოამზადებს ინსტრუქციას, რომლითაც იმუშავებს. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. თითოეულ სახლს შეისწავლიან, დაასურათებენ, ხარჯთაღრიცხვას დადებენ, თუ რა თანხა დაჭირდებათ კონკრეტულად. წინა კომისიამ დადო დასკვნა, მაგრამ ციფრები არ არის დამაკმაყოფილებელი და ბოლომდე განსაზღვრული. ზოგს არ ეყოფა თანხა, ზოგისთვის შესაძლოა, მეტიც იქნება", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

ხაბაძის თქმით, საკითხის განხილვა მთავრობის მომდევნო სხდომაზეც გავა განსახილველად. აჭარაში მიწისძვრით 300-მდე ოჯახი დაზარალდა.