სასწავლო ცენტრ

სასწავლო ცენტრ "კრწანისის" მეთაურმა რეკრუტირების პროგრამაზე ისაუბრა

თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას იმ სასწავლო პირობებს აცნობს, რომლის გავლაც სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურის მსურველებს დასჭირდებათ. 

სასწავლო ცენტრ "კრწანისის" მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ დღეს ჟურნალისტებს რეკრუტირების პროგრამა გააცნო და სასწავლო ბაზა დაათვალიერებინა. ლევან ბერიას თქმით, ყველა მსურველი, რომელიც სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურის გავლას გეგმავს, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი უნდა გაიაროს.

"რეკრუტები აქ გაივლიან საწყის საბრძოლო მომზადების კურსს. ეს კურსი მოიცავს 12 კვირას. აქედან 9 კვირა არის ინდივიდუალური მომზადება, ხოლო 3 კვირა სპეციალიზებული მომზადების კურსი იქნება. პირველი 9 კვირა ეს არის მომზადება იმ დონეზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ჯარისკაცი", - განაცხადა ლევან ბერიამ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც რეკრუტები პროგრამას გაივლიან და თუ ისინი საკონტრაქტო სამსახურს დაიწყებენ, მათი ანაზღაურება იქნება მაღალი და ასევე დაცული იქნება სოციალური პირობები როგორც ოჯახის, ასევე ჯარისკაცის.

ბერიას თქმით, რეკრუტთა მიღება 21 იანვარს გამოცხადდა და 28 იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი მარტში დაიწყება. როგორც პოლკოვნიკი აცხადებს, ერთდროულად სასწავლო ცენტრს შეუძლია 600 რეკრუტი მოამზადოს. ამ დროისათვის რეგისტრაცია 700-ზე მეტ მსურველს აქვს გავლილი.