ბიძინა ივანიშვილი - ალასანიას გადაბირების მცდელობა აქვთ

ბიძინა ივანიშვილი - ალასანიას გადაბირების მცდელობა აქვთ

მერაბიშვილი ჩქარობს, ორჯერ დაუძახეს უკვე და მესამედ რომ დაუძახონ, რა ქნას მერე - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე, რომ ისინი ამ მთავრობას 4 წელი ვერ დაელოდებიან.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, ხომ არ გახდა ირაკლი ალასანიასთვის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ლაჩარის წოდების მიზეზი ივანიშვილის მიერ თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები და დავით საგანელიძის მიერ "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ გაკეთებული განცხადებები ე.წ. ჩანერგილებზე, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანები შეიძლება იყვნენ, თუმცა ამაში ირაკლი ალასანიას ბრალეულობა არაა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" იმარჯვა და მოახერხა იქ საკუთარი ხალხის ჩანერგვა. მაგის ოსტატები არიან. სიცრუეს და სეთურის სამსახურსაც კარგად ახერხებენ. ამაში ირაკლი ბრალეულობა არაფერი არაა",-განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, გასაგებია, რომ ალასანიას გადაბირების მცდელობა აქვთ, ამაზე ჭორებიც დადის, რაზეც მან თავდაცვის მინისტრსაც ჰკითხა და პასუხად მიიღო, რომ მსგავსი არაფერი ხდება.
ივანიშვილმა ალასანიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "პატარ გადაცდომა იყო და რეაქციაც იყო ჯანსაღი". პრემიერის განცხადებით, არის მცდელობა, როგორმე გახლიჩონ კოალიცია.

"მე ერთში გარწმუნებთ. სანამ პოლიტიკაში ვარ, ვინც საით არ უნდა გადახტეს არაფერი არ მოხდება და საკუთარ თავს დაიზიანებს, საკუთარ კისერს მოიტეხავს მხოლოდ. დარჩება მდგრადი ძალა, რომელზეც საზოგადოება მოახერხებს სწორებას",-განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალასანია არ ჰყავდა მხედველობაში.