ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, უგულავამ და ადეიშვილმა იციან, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ და პანიკაში არიან"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, გიგი უგულავამ, ზურაბ ადეიშვილმა იციან, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ და ამიტომაც პანიკაში არიან.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"როცა საზოგადოებას მივუთითებდი, რომ დინჯად და კახურად მოვქცეულიყავით და ამ სიცრუეებზე ნუ გვექნება რეაგირება-თქო, რა მქონდა მხედეველობაში - თქვენ კარგად გახსოვთ სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ადეიშვილი, ძირითადად ეს ოთხეული, ტელევიზიებით გამოდიოდნენ და ვირტუალურ სამყაროს აღწერდნენ, განსაკუთრებით, სააკაშვილი იმეორებდა ხშირად, რომ ქართველი ხალხი ძალიან ბედნიერია, მიდის აღმშენებლობა, როგორ გავხდით ლამის ყველაფერში პირველები. ამ დროს თქვენ იცით, რა ხდებოდა ციხეებში, როგორ იცლებოდა სოფლები. მე მგონია, რომ ეს ადამიანები, ვინც ვირტუალურ სამყაროს აღწერდნენ, ცდილობდნენ, მოსახლეობაზე საკუთარი ბედნიერების გავრცელებას. ეს ადამიანები იყვნენ ძალიან ბედნიერები და ცდილობდნენ ტელევიზიებიდან დაეხატათ, რომ ჩვენც ბედნიერები ვიყავით, ამის პარალელურად ციხეები იყო ამოვსებული. ევროპაში პირველ ადგილზე სწორედ პატიმრების რაოდენობით ვიყავით. მერაბიშვილი დღეს აპოკალიფსებს ხატავს, უგულავა ხელისუფლებას შეურაცხყოფას აყენებს. ეს ადამიანები ზუსტად ისევე, როგორც მაშინ, ცდილობდნენ საკუთარი ბედნიერება ჩვენთვის გადმოეცათ, დღესაც ზუსტად იგივე ხდება, რომ მათზე ძალიან ბევრი შეკითხვაა ქართულ საზოგადოებაში. იგივე სააკაშვილმაც იცის, რომ ძალიან ბევრი შეკითხვაა და კონკრეტულადაც მოუწევს... მერაბიშვილსაც დაუსვეს რამდენჯერმე, უგულავასაც, მათ იციან, რომ შეკითხვებზე მოუწევთ პასუხების გაცემა და ამიტომაც არიან პანიკაში და მთელ საქართველოს არწმუნებენ, რომ რაღაც საშინელება ხდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

"სააკაშვილი საპატრიარქოში მეუბნება, რომ აი, ადეიშვილი კი გაიქცა და რატომ გაიქცა არ ვიციო, მაგრამ ევროპაში ტრამვაითი დადისო. თუ ტრამვაითი მოგზაურობს, ჩვენ ახლა ტრამვაი არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია, ტროლეიბუსის ფული მაინც მივცეთ. რატომ გაიქცა თუ კაცი ტრამვაით მოგზაურობს ევროპაში. მათი პანიკის მიზეზი ის არის, რომ შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევთ. ჟურნალისტებსაც გთხოვთ, რომ სწორად გააანალიზეთ ყველაფერი. პირველი თემა არ არის ის, რომ ჩახალიანის გათავისუფლებაზე ჩემთან საუბარი ჰქონდა, ეს რა თქმა უნდა, მართალი არ არის. ეს კაცი სულ ყველაფერს ცრუობს. ჩვენ ემოციურად უნდა დავწყნარდეთ და ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.