დავით დარახველიძემ ჯოშუა ფიშელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

დავით დარახველიძემ ჯოშუა ფიშელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ აშშ-ის საელჩოს რეგიონალური განვითარების კოორდინატორთან ლტოლვილთა საკითხებში ჯოშუა ფიშელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც "პირWელს" უწყების პრეს-სამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა დევნილთა განსახლების საკითხები განიხილეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება იყო. მინისტრმა მოკლედ ისაუბრა დევნილი მოსახლეობის ძირითად საჭიროებებზე და აღნიშნა, რომ 65 000 დევნილი ოჯახი ჯერ კიდევ განსახლების მოლოდინშია. მან სურვილი გათქვა, რომ მოსახლეობის ლტოლვილთა და მიგრაცის ბიურომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი რესურსი შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციისკენ მიმართოს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროს გაორმაგებული ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი ამავე პრობლემების მოსაგვარებლად დაიხარჯება.

"იმედი მაქვს, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები განაგრძობენ სამინისტროსთან თანამშრომლობას, რათა 4 წლიანი გეგმა - დევნილთა საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილების შესახებ, წარმატებით შესრულდეს", - განაცხადა მინისტრმა.

ჯოშუა ფიშელმა სამინისტროს და მინისტრის მუშაობა დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მან ასევე მადლობა გადაუხადა მინისტრს დევნილების საკითხების მოგვარებაში წვლილის შეტანისთვის.