ზურაბ აბაშიძე - რუსი ექსპერტების მოსაზრებები კრემლის პოზიციად არ უნდა იყოს აღქმული

ზურაბ აბაშიძე - რუსი ექსპერტების მოსაზრებები კრემლის პოზიციად არ უნდა იყოს აღქმული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ორი ქვეყნის ექსპერტების დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. 

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საჭირო პროცესია, რომელიც საქართველოში წლების მანძილზე გრძელდება.

მისივე თქმით, ცალკეული რუსი ექსპერტების მოსაზრებები კრემლის პოზიციად არ უნდა იყოს აღქმული.

"ეს არის ცალკეული ექსპერტებისა და სპეციალისტების პოზიცია და არა კრემლის აზრი. ჩვენ არ უნდა მივიღოთ, რომ ორი ადამიანის დაწერილი დასკვნა არის დოკუმენტი, რომელზეც უნდა ავაგოთ მთელი ჩვენი ცხოვრება და ქართულ-რუსული ურთიერთობები. დასკვნაში არის საინტერესო ელემენტები. ექსპერტებმა უნდა განიხილონ, რა არის მისაღები და რა - არა. ექსპერტების დიალოგი საჭირო პროცესია და პირველად არ ხდება საქართველოში. ეს უნდა გაგრძელდეს. რუსეთ-საქართველოს შორის შეიქმნა პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატი, ოფიციალურ წარმომადგენლები ვხვდებით ერთმანეთს და ამ პროცესში თუ ექსპერტებიც ჩაერთვებიან და წინადადებებს მოგვაწოდებენ, ეს ძალიან კარგი იქნება", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით რუსი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განიხილება. კონფერენციას ზურაბ აბაშიძესთან ერთად ქართველი პოლიტოლოგები და ექსპერტებიც ესწრებიან.