ვანო მერაბიშვილი – თუ დასაქმების სამინისტროზე აქვთ კითხვები, მე გავცემ პასუხს

ვანო მერაბიშვილი – თუ დასაქმების სამინისტროზე აქვთ კითხვები, მე გავცემ პასუხს

დღეს საქართველოში ყოფილი სოციალური აგენტების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა რაოდენობა 23 ათას ადამიანს შეადგენს, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ დაანებონ თავი 23 ათასი აგენტის და ასევე დაბალი თანამდებობის პირების დაკითხვას.

"ჩემი ინიციატივა იყო დასაქმების სამინისტროს შექმნა და თუ მათ რაიმე კითხვები აქვთ, მე გავცემ პასუხს. მათ არა აქვთ არც სურვილი და არც შესაძლებლობა, რომ მოაგვარონ დასაქმების პრობლემა და ისინი ამის გადაფარვას ცდილობენ. თავისი დაპირებების შეუსრულებლობის გადაფარვას სწორედ ამ დაკავებებით და დაკითხვებით ცდილობენ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ თბილისში უკვე 1000-ზე მეტი ადამიანია დაკითხული.

"ათასობით და ათი ათასობით ადამიანი მიდის დაკითხვაზე. თბილისში დაკითხულია 1000-ზე მეტი ადამიანი. სამშენებლო კომპანიაში მიმდინარეობს ასობით და ათასობით ადამიანის დაკითხვა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ყველა მეგობარი დაკითხულია, ან დაპატიმრებული, ან გირაოთი გამოშვებული.

მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ კახეთის ყოფილი გუბერნატორის, დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა და ეს გამოიხატება იმაში, რომ "მასთან აგზავნიან ადამიანებს და აპატიმრებენ მის მოადგილეებსაც".