ვანო მერაბიშვილი - ცვლილებების დამტკიცება ივანიშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშანი იქნება

ვანო მერაბიშვილი - ცვლილებების დამტკიცება ივანიშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშანი იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ეჭვობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წინააღმდეგ "სერიოზულ რეპრესიებს განახორციელებს". 

"დღეს სრულიად გაუგებარი ისტერიკა მოაწყო საპარლამენტო უმრავლესობამ. ჩემთვის გაუგებარია, რა მოხდა ბოლო დღეებში ისეთი, რომ ამას მოჰყვა ასეთი სერიოზული ისტერიკა. მინდა განვაცხადო სრული სერიოზულობით _ დღევანდელ უმრავლესობას არ აქვს საკმარისი ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების რაოდენობა მაძლევს საფუძველს განვაცხადო, რომ დღევანდელი მონაცემებით, ძალიან შორს არის უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობისგან. ამ ფონზე, მათი დღევანდელი განცხადებები, რომ მალე კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანენ, მაფიქრებინებს, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს განახორციელოს სერიოზული რეპრესიები "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წევრთა წინააღმდეგ", - განაცხადა მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღნიშნულ კონტექსტში, მან მთავრობას მიმართა და მოუწოდა, თანამდებობრივ უფლებამოსილებას არ გადაამეტონ.

"მინდა გავაფრთხილო საქართველოს მთავრობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი _ თუ უახლოეს დღეებში პარლამენტი მიიღებს კონსტიტუციო ცვლილებას, ანუ შეაგროვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა საკუთარი თანამდებობა ბოროტად და ძალისმიერი მეთოდებით გადაიბირა, შეაშინა, დააშანტაჟა პარლამენტის საკმაოდ ბევრი წევრი. ასეთი ქმედება არის დასჯადი, დანაშაული. ვურჩევ მთავრობას, თავი დაანებოს ოპოზიციური წევრების წინააღმდეგ ნადირობას და მიხედოს ქვეყანას. ქვეყანა საჭიროებს განვითარებას, ეკონომიკური კრიზისის დაძლევას და სხვა ვალდებულებების შესრულებას, რომლის პირობას "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევდონ გასცა", - აღნიშნა მერაბიშვილმა.