42-მა დევნილმა ოჯახმა გორში საკუთარი ბინა მიიღო

42-მა დევნილმა ოჯახმა გორში საკუთარი ბინა მიიღო

42 დევნილი ოჯახი დღეს ახალ ბინაში შესახლდა. დევნილთა ახალმოსახლეობას დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრო. 42 დევნილი ოჯახი 2 ობიექტში - ყოფილი მე-7-ე და ყოფილი 18-ე ბაღის შენობებში გადანაწილდა.

აღნიშნული შენობები სამინისტრომ სრულად გაარემონტა. საცხოვრებელი ბინები დევნილ მოსახლეობას საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა. ახალ ბინაში 10 ოჯახი ავარიული შენობიდან გადავიდა, 32 ოჯახი კი უკიდურესად მძიმე პირობებიდან. მათ შორის არიან დევნილები, რომლებიც ახალი წლის დღეებში ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ.
როგორც ერთ-ერთმა დევნილმა ვენერა ვალიევამ აღნიშნა, წლებია ამ წუთებს ელოდა და დღეს ძალიან ბედნიერია: „სიტყვებს ვერ ვამბობ, უბედნიერესი ადანმიანი ვარ. საკუთარ ბინას ვეღირსე, აქამდე კი წვალობით ვცხოვრობდი და არც მქონდა იმედი, რომ ოდესმე საშველი დაგვადგებოდა."

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს დავით დარახველიძეს რამდენიმე უკმაყოფილო დევნილიც შეხვდა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბინა ვერ მიიღეს. მინისტრმა მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება გაგრძელდება და ვისაც ეკუთვნის, ეტაპობრივად ყველა დაკმაყოფილდება.

დავით დარახველიძე: „სასიამოვნო პროცედურაა, როცა დევნილებს, რომელიბიც წლების მანძილზე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ, ბინის გასაღებს გადასცემ. დღეს გორში 2 ობიექტი გავხსენით. 42 ოჯახს საცხოვრებელი ბინის პრობლემა მოეხსნა. თუმცა, შემხვდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს იმის გამო, რომ ბინა ვერ მიიღეს. მინდა ისინი დავამშვიდო, ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას, სხვა ობიექტებიც გაიხსნება და ვისაც ეკუთვმის, ეტაპობრივად საცხოვრებელ ფართს ყველა მიიღებს."