მაია ფანჯიკიძე მიუნხენში ოკუპაციის თემაზე ისაუბრებს

მაია ფანჯიკიძე მიუნხენში ოკუპაციის თემაზე ისაუბრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძე მონაწილეობას მიიღებს სესიაში: "უსაფრთხოება და სტაბილურობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში". 
მინისტრის განცხადებით, საკუთარ გამოსვლაში უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებს და ოკუპაციის პრობლემას შეეხება. 
"ჩემი გამოსვლა ეძღვნება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თემებს. თუ რა როლის თამაში შეუძლია საქართველოს რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოებისავის. ვისაუბრებ ასევე საქართველოს საგრეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ოკუპაციის პრობლემაზე და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე, იმ წვლილზე, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საკითხში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციას მარტი აჰტისაარი უძღვება. დღის წესრიგის თანახმად, სესიაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, ხორვატიისა და იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის პრეზიდენტები, ასევე ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. მაია ფანჯიკიძე უკვე შეხვდა ისრაელის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. 
მიუნხენში უსაფრთხოების 49-ე საერთაშორისო კონფერენცია 1-ელ თებერვალს გაიხსნა და 3 თებერვალს დასრულდება.