გიგი უგულავა: ამ სიამოვნებას მე ივანიშვილს, კბილაშვილს, წულუკიანს და ა.შ არ მივანიჭებ

გიგი უგულავა: ამ სიამოვნებას მე ივანიშვილს, კბილაშვილს, წულუკიანს და ა.შ არ მივანიჭებ

დედაქალაქის მერი, გიგი უგულავა  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

აღნიშნულის შესახებ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „პოზიციაში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ის მზად არის გამომძიებლის შეკითხვებს მერიაში დღეს, 16:00 საათზე უპასუხოს.

„ჩემთვის გაუგებარია საერთოდ, ასე გვიან რატომ მოვიდა უწყება. ჯერ სამსახურში მოუტანიათ უწყება, დამირეკა დედაჩემმაც, სახლშიც მისულან. მინდა ვუთხრა მათ, რომ ხვალინდელი დღე მე მაქვს გაწერილი, ამიტომ ხვალ, 16:00 საათზე ველოდები გამომძიებელს, პაატა მამულაშვილს. მერიის მისაღებში მას ჩემი თანამშრომლები დახვდებიან, მივიღებ და გავცემ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს. თუ გამოძიებას ეს დრო არ აწყობს, მე ზეგ მივემგზავრები პრეზიდენტთან ერთად კონფერენციაზე და დაბრუნებისთანავე შევჯერდებით მომდევნო ურთიერთობის ფორმაზე. თუ ვინმეს ილუზია შეექმნა, რომ მე მივდივარ და აღარ დავბრუნდები, მინდა ვუთხრა მათ, რომ ამ სიამოვნებას მე ივანიშვილს, კბილაშვილს, წულუკიანს და ა.შ არ მივანიჭებ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ კომენტარი თეატრალური კვარტეტის წევრების საკითხზეც გააკეთა.

„ბრალდება რა თქმა უნდა პოლიტიკური ტაკიმასხარაობაა. თეატრალური კვარტეტის წევრების დასაქმების შესახებ ინფორმაცია არ მქონდა, აქაც დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც პოლიციის აკადემიის პრორექტორი არის ელდარ ლუკა კურტანიძე“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.