გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს

გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს

თბილისის მერი გიგი უგულავა ხვალ, 13.00 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. შესაბამისი უწყება ცოტა ხნის წინ საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა მერიაში მიიტანეს , თუმცა, იმის გამო, რომ სამუშაო საათები უკვე დამთავრებული იყო, დაცვის სამსახურმა უწყება არ ჩაიბარა. სავარაუდოდ, უგულავას უწყებას უკვე სახლში მიუტანენ.

როგორც თბილისის მერიასთან საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიგი უგულავა დაკითხვაზე დაბარებულია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური, შპს "თბილსერვის ჯგუფი" – ს საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.

"გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.

გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილსერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს.

გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.