"თავისუფალი დემოკრატები" არ გამორიცხავენ, რომ მათ რიგებში "შეგზავნილი აგენტები" იყვნენ

"თავისუფალი დემოკრატები" არ გამორიცხავენ, რომ მათ რიგებში "შეგზავნილი აგენტები" მართლაც იყვნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა

გია ცაგარეიშვილმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის, უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

"არ გამოვრიცხავ, რომ ბევრ პარტიაში, მათ შორის კოალიციაში შევალ პარტიებში შემოგზავნილი აგენტები იყვნენ. სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ოსტატუტად ახერხებდა ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებში აგენტების ჩანერგვას, რომლებიც თავის შავ-ბნელ საქმეს წარმატებით აკეთებდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის "თავისუფალ დემოკრატებშიც" იყვნენ ასეთი ადამიანები", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, "თავისუფალმა დემოკრატებმა" საკუთარი წევრების გადამოწმება უკვე დაიწყო.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა და ყველა ადამიანი გადამოწმდება, განსაკუთრებით იმ რაიონებში, რომელზეც ბატონი დავითი საუბრობს, რომ "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" პრობლემები შეექმნა. როცა პარტიამ რაიონული ორგანიზაციების დაფუძნება დაიწყო, გავაფრთხილეთ ჩვენი თანაპარტიელები, რომ არანაირ ინციდენტში არანაირი ფორმით არ მიეღოთ მონაწილეობა, ვინც დავალება არ შეასრულა, რა თქმა უნდა, პასუხს აგებს და რა თქმა უნდა, მისი მომავალი პარტიაში ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დავით საგანელიძე "თავისუფალ დემოკრატებს" რაიონული ორგანიზაციებიდან რიგი წარმომადგენლების გარიცხვის მოთხოვნით მიმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ "სხვა დასკვნებს გამოიტანს". ამის შესახებ საგანელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

საქმე სხვადასხვა რაიონებში, "ქართული ოცნების" პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებისას მომხდარ ინციდენტებსა და ჩაშლილ კონფერენციებს ეხება, სადაც დავით საგანელიძემ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და მათთან ერთად, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები "ამოიცნო".