კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადაციის საკითხზე შესაძლოა, ისრაელთან მოლაპარაკებები დაიწყოს

კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადაციის საკითხზე შესაძლოა, ისრაელთან მოლაპარაკებები დაიწყოს

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადაციის საკითხზე შესაძლოა, ისრაელთან მოლაპარაკებები დაიწყოს. 
კბილაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფება, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, რომ ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად შეეფარდოს. 
ამის შემდეგ კეზერაშვილზე ძებნა ინტერპოლითაც გამოცხადდება.
სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სავარაუდოდ, დღეს უნდა იმსჯელოს.
"სასამართლოში იქნება შესაბამის დროში გაკეთებული მიმართვა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე და გამოცხადდება ძებნა; ამით, ასე ვთქვას, ეს პროცედურები ამოიწურება. რაც შეეხება ექსტრადაციას, ეს შეიძლება, იყოს მოლაპარაკების საგანი, რადგან მოსთხოვო, ნიშნავს რაღაც იურიდიულ დოკუმენტზე დაყრდნობით და ჩვენ ასეთი სამართლებრივი ხელშეკრულება არ გაგვაჩნია", - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 214-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით, 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 11-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.