შოთა მურღულია: თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობაზე ახალი ტენდერი გამოცხადდება

შოთა მურღულია: თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობაზე ახალი ტენდერი გამოცხადდება

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, შოთა მურღულიას განცხადებით, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერი გამოცხადდება.

მურღულიას თქმით, რუსთავი-თბილისის მაგისტრალის და კობი-გუდაურის გზის მონაკვეთის მშენებლობა კომპანია „ნიუ ენერჯის“ უნდა განეხორციელებინა, რომელსაც ვალდებულება შესრულებული არ აქვს.

აღნიშნული კომპანია მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის საქმეს უკავშირდება.

მინისტრის მოადგილე რუსთავი-თბილისის გზის მშენებლობის შეჩერებისა და ახლი ტენდერის გამოცხადების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ გზის მშენებლობის დაწყების საზეიმო გახსნას, სადაც ამავე დროს მობილიზებული იყო სამშენებლო ტექნიკაც და იყვნენ მუშებიც, თუმცა ტენდერის შედეგები ცნობილი არ იყო.

„საზეიმო გახსნისას ტენდერის შედეგები გამოცხადებული არ იყო. ლოგიკურად ჩნდება კითხვები, ვის ეკუთვნოდა ის სამშენებლო ტექნიკა, საიდან იყვნენ ის მუშები. ამიტომ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ პროექტი შეგვეჩერებინა და ამის შესახებ დონორი „აზიის განვითარების ბანკი“ საქმის კურსში ჩავაყენეთ“, - განაცხადა მურღულიამ.

მურღულიას თქმით, „ნიუ-ენერჯის“ ასევე დარღვევით, საბანკო გარანტიის გარეშე, ავანსად კობი-გუდაურის გზის რეაბილიტაციისთვის 2 900 000 ლარი გადაეცა. თუმცა, კომპანიას აღებული ვალდებულება ამ შემთხვევაშიც არ შეუსრულებია.

მისივე თქმით, კომპანია „ნიუ ენერჯისთან“ წინა ხელისუფლებას 11 ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. შეუსრულებელი ვალდებულებების გამო კი სახელმწიფოს არამარტო ფინანსური ზარალი მიადგა, არამედ სახელმწიფომ დროშიც იზარალა.