მაია ფანჯიკიძე ეუთო-ს ODIHR-ის ხელმძღვანელს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ეუთო-ს ODIHR-ის ხელმძღვანელს შეხვდა

ოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ხელმძღვანელს, იანეზ ლენარჩიჩს შეხვდა. 
სამინისტროს ინფორმაციით, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ODIHR-ის ხელმძღვანელთან სამი ძირითადი საკითხი განიხილეს. 
"ვისაუბრეთ საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, იმისათვის, რომ დამკვირვებლებმა დროულად დაიწყონ მომზადება და ჩამოვიდნენ, საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი", - აღნიშნა ფანჯიკიძემ. 
მისივე თქმით, მეორე საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს ეხებოდა თბილისში, მარტში დაგეგმილ კონფერენციას, რომელიც პოლიტიკაში ქალების მონაწილეობასა და ქალების მონაწილეობის გათვალისწინებით პარტიების დაფინანსების სისტემას ეხება. 
"ასევე ვისაუბრეთ იმ სადამკვირვებლო ჯგუფის საკითხზე, რომელიც საქართველოში უნდა ჩამოვიდეს მთავრობის მოწვევით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ ნოემბერში დაპატიჟა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან ჯგუფები, რათა ჩამოვიდნენ და ადგილზე ადევნონ თვალყური საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ეს ჯერჯერობით შესადგენი პროექტია, რომელზეც იმუშავებენ, მოგვაწვდიან ინფორმაციას და აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც იგეგმება", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 
ODIHR-ის ხელმძღვანელის განცხადებით კი, ორგანიზაცია მზად არის საქართველოს მთავრობას დახმარება გაუწიოს დემოკრატიული რეფორმების გატარების საკითხში. 
ლენარჩიჩის თქმით, მსგავსი თანამშრომლობა აუცილებელია და ხელს უწყობს საქართველოში რეფორმების წარმატებით გაგრძელებას.