კახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს 11 წლიანი პატიმრობა ემუქრება

კახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს 11 წლიანი პატიმრობა ემუქრება

კახეთის გუბერნატორის  ყოფილ პირველ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში, ასევე სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვაში ედება ბრალი. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.

საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, თეა სუხიაშვილის განცხადებით, სიბაშვილმა კახეთის რეგიონული სააგენტოს დირექტორ ვალერიან გრემელაშვილს დაავალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში წყალდიდობით დაზიანებული შიდა გზების აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისთვის ხელშეკრულება დაედო ინდმეწარმე დიმიტრი ივანელაშვილთან. ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის ივანელაშვილის საბანკო ანგარიშზე კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოდან გადაირიცხა 55 689 ლარი, რეალურად კი შესრულებული სამუშაოების ღირებულება აღმოჩნდა ნაკლები და გაფლანგულ იქნა 10 794 ლარი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სიბაშვილის დავალებით დედოფლისწყაროში არსებული ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, გრემელაშვილმა ხელშეკრულება გააფორმა შპს "ხიდთან", რომელმაც 74 963 ღირებულების ჩატარებული სამუშაოების ხელშეკრულება წარადგინა. გამოძიებით დადგინა, რომ რეალურად შესრულდა ნაკლები ღირებულების სამუშაოები და გაფლანგული თანხა აღმოჩნდა 24 145 ლარი.

სუხიაშვილის განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე, ასევე დადგენილია, რომ სიბაშვილის დავალებით გრემელაშვილმა კახეთის რეგიონული ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი ნივთებისა და ატრიბუტიკის შესყიდვის მიზნით, ერთ-ერთ შპს-სთან 208 207 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა შესყიდული საქონლის რეალური ღირებულება აღმოჩნდა 98 896 ლარი. აღნიშნული ქმედებით, სიბაშვილმა და გრემელაშვილმა კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს კუთვნილი თანხა 115 311 ლარი გაფლანგეს.

„გამოძიებამ სიბაშვილი კიდევ ერთ დანაშაულებრივ ქმედებაში ამხილა, კერძოდ, ბრალდებულმა გრემელაშვილს უკანონოდ დაავალა კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოში თანამშრომლებად გაეფორმებინა თავისი მეგობრები. აღნიშნული პირები არავითარ სამუშაოს არ ასრულებდნენ და ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით იღებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს.

აღნიშნულის გამო სააგენტოს 29 224 ლარით მიადგა ზიანი.

გარდა ამისა, ერთი წლის განმვალობაში სიბაშვილი საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ და გამორჩენის მისაღებად, გრემელაშვილს სთხოვდა მისთვის, როგორც კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს გამგეობის  თავმჯდომარისთვის პრემიები ჩაერიცხა. ერთი წლის განმავლობაში მან პრემიების სახით მიიღო 13 376 ლარი", - განაცხადა სუხიაშვილმა.

სიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332- და 333-ე მუხლების პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 11 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.