"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ჩახალიანის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციებით შეშფოთებულია

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" შეშფოთებას გამოთქვამს ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლებული ვაჰაგნ ჩახალიანის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციებით. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ასევე - საპარლამენტო უმცირესობას, შეწყვიტონ გამიზნული დეზინფორმაციის გავრცელება.

"საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და უმცირესობის სხვა წარმომადგენლები თავიანთ განცხადებებში ვაჰაგნ ჩახალიანს მიაწერენ ისეთ მძიმე დანაშაულებს, რაც მას ბრალად წაყენებული არ ჰქონია. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ ჩახალიანი არის "რუსეთის ჯაშუში", თითქოსდა მან "მონაზონი სცემა", "დაარბია ეპარქია, უნივერსიტეტი და პოლიცია", "იარაღს აგროვებდა ამბოხებისთვის" და ა.შ. სინამდვილეში, სასამართლო განაჩენის თანახმად, ვაჰაგნ ჩახალიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის. "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" ჯერ კიდევ ორი თვის წინ მიმართა საქართველოს პროკურატურას თხოვნით, შეესწავლა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის უპასუხისმგებლო განცხადება და დაეკითხა იგი საქართველოს მოქალაქის ცრუ დასმენასთან დაკავშირებით. "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიაჩნია, რომ როგორც დავით ბაქრაძის, ისე საპარლამენტო უმცირესობის სხვა წარმომადგენლებისა და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას - ცრუ დასმენას, რომელიც კანონით დასჯადია. ისინი არღვევენ საქართველოს მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმპციას და ჩახალიანს მიაწერენ დანაშაულს, რომელიც სასამართლოს განაჩენის თანახმად, მას არ ჩაუდენია", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები სამართლიანად იწვევს საქართველოში მცხოვრები მრავალათასიანი სომხური დიასპორის უკმაყოფილებას, რაზეც მიუთითებს 26 იანვარს გავრცელებული სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის განცხადება, სადაც სომეხი პატიმრის გათავისუფლებაზე მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებია გაკრიტიკებული.

ვაჰაგნ ჩახალიანი 2008 წლის ზაფხულში ახალქალაქში დააკავეს. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენით, ჩახალიანს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

ადამიანუს უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, სასამართლოს განაჩენით, ვაჰაგნ ჩახალიანი სასჯელს იხდიდა ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვისათვის. ამ მუხლებს ახლახან შეეხო პარლამენტის მიერ მიღებული "ამნისტიის შესახებ" კანონი, რომლის საფუძველზეც ვაჰაგნ ჩახალიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ცენტრის ცნობით, მონაზონის ფიზიკური შეურაცხყოფის დაუსაბუთებელი ბრალდება მას ჯერ კიდევ სასამართლომ მოუხსნა.

"საქმეში არსებული კონკრეტული ბრალდებების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ჩახალიანის სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად იყო მოტივირებული, ხოლო მისი დაპატიმრება ჰგავდა წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას. მსგავსი ხელწერით წინა ხელისუფლებას სხვა პოლიტიკურად აქტიური და მისთვის "არასასურველი" ადამიანებიც ჰყავდა დაპატიმრებული და გასამართლებული", - ნათქვამია განცხადებაში