თეა წულუკიანი გია გვიჩიანის დაპატიმრებას სანდრო გირგვლიანის საქმის გადაფარვას უკავშირებს

თეა წულუკიანი გია გვიჩიანის დაპატიმრებას სანდრო გირგვლიანის საქმის გადაფარვას უკავშირებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "თელასის" ყოფილი გენერალური დირექტორის, გია გვიჩიანის დაპატიმრებას სანდრო გირგვლიანის საქმის გადაფარვას უკავშირებს.

როგორც წულუკიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა, მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს და სწორედ გვიჩიანის ტელედაჭერით სურდათ გირგვლიანის საქმის გადაფარვა.

"ეს იყო გირგვლიანის საქმის გადასაფარად. ბატონი გვიჩიანი, იმედი მაქვს, უკვე მალე გამოვა ციხიდან და ის თავად მოგახსენებთ, ვინ სტუმრობდა ხოლმე ციხეში და როგორ მოხდა მისი ტელედაჭერა, რომ გადაფარულიყო სხვა საშინელებები", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

გია გვიჩიანი 2006 წლის 7 მარტს დააკავეს. მას ბრალი "თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში დასდეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

პროკურატურამ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში გამოკვეთილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე საქმის გადასინჯვა დაიწყო.