სააკაშვილი: თავდაცვის სამინისტროში დისკუსია მიმდინარეობს, ამ უწყების შემადგენლობაში,  უნდა იყოს თუ არა „დელტა“

სააკაშვილი: თავდაცვის სამინისტროში დისკუსია მიმდინარეობს, ამ უწყების შემადგენლობაში, უნდა იყოს თუ არა „დელტა“

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე, თუ საქართველო უარს იტყვის, ეს დიდი შეცდომა იქნება.

როგორც გორში, სამხედრო აკადემიის კურსანტებთან გამართულ  შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, ის სამხედრო ტექნიკის საწარმო „დელტას“ შექმნით ძალიან ამაყობს.

„ინფორმაცია მაქვს, რომ თავდაცვის სამინისტროში დისკუსია მიმდინარეობს, ამ უწყების შემადგენლობაში,  უნდა იყოს თუ არა „დელტა“. მინდა ვუთხრა სამინისტროს ხელმძღვანელობას და მთავრობას, რომ დიდი შეცდომა იქნება -  საქართველომ უარი თქვას სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე. იმის მიუხედავად, რომ აშშ-სთან შეთანხმება გვაქვს, 2008 წელს გარემოება შეიქმნა, როდესაც საქართველო  სამხედრო ტექნიკის მოწოდების გარეშე აღმოჩნდა. არ შეიძლება ამაზე ხელმოწერა. საარჩევნო დაპირებებიდან უნდა გამოვიდეთ, რადგან  წინასაარჩევნო კამპანიისას მესმოდა, რომ საქართველოს სამხედრო ტექნიკა ბლეფია. თქვენ ხომ იცით, რომ ბლეფი არ არის. ხომ იცით,  რომ ეს „ლაზიკები“ და „დიდგორები“ მართლა დადის, მართლა ისვრის და მართლა მაგარი ტექნიკაა. გვაქვს შეკვეთების ინტერესიც სამხრეთ კორეიდან, კორეის რესპუბლიკიდან და აზერბაიჯანიდან. ეს ისეთი ტექნიკაა, რომელიც ფულს მოიტანს“, - აცხადებს ქვეყნის პირველი პირი.

სააკაშვილის მტკიცებით, თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობიდან ამ საწარმოს გასვლა არ შეიძლება, რადგან ეს ქარხანა იყო გაძარცვული და განადგურებული.

„დანგრეული და გაძარცვული ქარხანა ნულიდან შევქმენით და თუ ის  თავდაცვის სამინისტროდან გავა, ისევ დაინგრევა და ის უზარმაზარი ტალანტი თან გაჰყვება,  რომელიც იქ წლების განმავლობაში შეიქმნა. ამავდროულად, წინა წლების კონტრაქტებზე უარის თქმა არ შეიძლება. მაგალითად, პრეზიდენტ სარკოზის უშუალო ჩარევით ჩვენ ვიყიდეთ რამდენიმე სატრანსპორტო ვერტმფრენი და ახლა გავიგე,  რომ საქართველოს მთავრობას ვერტმფრენებზე უარის თქმა სურს. ეს არის გრძელვადიანი კრედიტი და საქართველოს ბიუჯეტს ფაქტობრივად არაფერი ისეთი არ უჯდება. თუ ჩვენისთანა მაღალმთიანი ქვეყანა ვერტმფრენებზე უარს ამბობს, რით უნდა გადავადგილდეთ? ისევ ძველი რუსული ვერტმფრენებით? ე.ი ისევ რუსეთზე უნდა ვიყოთ სამათხოვროდ დამოკიდებული“, - დასძენს პრეზიდენტი.