საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები სტრასბურგში იმყოფებიან

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები სტრასბურგში იმყოფებიან

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები, სრული შემადგენლობით, სტრასბურგში იმყოფებიან.

კომიტეტის წევრები 28-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს, ასევე, ევროკომისრის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე ისაუბრეს.

შეხვედრის დროს კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დეტალურად ისაუბრა პარლამენტის პრიორიტეტებზე, საარჩევნო კანონმდებლობის, სასამართლო რეფორმის დაწყების აუცილებლობაზე, ასევე პოლიტიკური პატიმრებისა და ამნისტიის კანონის მიღების მნიშვნელობაზე.

"ამ საკითხზე პოზიტიური და დადებითი განწყობაა და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, მით უფრო იმ ფონზე, რომ ევროპის საბჭოს ყოფილ ევროკომისარს, ბატონ ჰამერბერგს ძალიან მწვავე ანგარიშები ჰქონდა მომზადებული საქართველოს წინა ხელისუფლებაზე, სადაც ნახსენები იყო პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული პირები, ოპოზიციის მხარდამჭერის გამო ადამიანების  გასამართლების ფაქტები და ა.შ. ასეთი ტიპის შეხვედრები და ინფორმაციის გაცვლა მხარეებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ევროპის საბჭოში მიმდინარე შეხვედრების ფარგლებში ადმიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ბორის ვუდსს შეხვდნენ. ძირითადი სასაუბრო თემა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონი და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები იყო.

როგორც ვუდსმა განაცხადა, იგი მიესალმება მიღებულ კანონს და ქართველ კანონმდებლებს შეკრებითობის პრინციპის მოხსნის ახალი მექანიზმების შემუშავება შესთავაზა.

"ევროპა არ მიესალმება და არასოდეს მიესალმებოდა ამ პრინციპს. სასჯელის შეკრება მიუღებელია. საქართველოს ციხეები გადატვირთული იყო პატიმრებით.  ამნისტია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა ვუდსმა.