თავდაცვის სფეროში კორუფციის ინდექსით საქართველო მაღალი რისკის ჯგუფში მოხვდა

თავდაცვის სფეროში კორუფციის ინდექსით საქართველო მაღალი რისკის ჯგუფში მოხვდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency Internationl-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც თავდაცვის სფეროში კორუფციის ინდექსს ეხება, საქართველო კორუფციის მაღალი რისკის ჯგუფში მოხვდა.

ორგანიზაციის კვლევის შედეგებით, საქართველო D ჯგუფში 14 ქვეყანასთან ერთად მოხვდა. ეს ქვეყნებია: რუსეთი, თურქეთი, ბანგლადეში, ბელორუსი, ჩინეთი, ეთიოპია, განა, იორდანია, ყაზახეთი, მალაიზია, პაკისტანი, პალესტინა, რუანდა და ტანზანია.

Transparency Internationl-ი კვლევას ორი წლის განმავლობაში 82 ქვეყანაში ატარებდა. კვლევაში ქვეყნები შვიდ ჯგუფად A-დან (ძალიან დაბალი კორუფციული რისკის მქონე) F-მდე (კრიტიკული ზღვარი) არიან დაყოფილი. B ჯგუფში ერთიანდება დაბალი რისკის მქონე ქვეყნები, C-ში – საშუალო რისკი მქონე, D ჯგუფში – მაღალი რისკის, E-ში კი კორუფციის ძალიან მაღალი რისკის მქონე ქვეყნები არიან გაერთიანებული.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჯგუფი, თავის მხრივ, ორად არის გაყოფილი და მას D+ ჯგუფი ეწოდება, რომელშიც ასევე კორუფციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნები მოხვდნენ.

ანგარიშის მიხედვით, გერმანია და ავსტრალია გამოკვლეულ 82 ქვეყანას შორის ყველაზე ძლიერი ანტიკორუფციული მექანიზმებით გამოირჩევა. 57 ქვეყანას კი, რაც ჯამში 70%-ია, კორუფციაზე სუსტი კონტროლი აქვს და კორუფციის მაღალი რისკით გამოირჩევიან. დაბალი მაჩვენებელი აქვს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც აშშ, ბრიტანეთი, შვედეთი და სამხრეთ კორეა არის, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და პოლონეთი კი საშუალო რისკის მქონე ჯგუფში მოხვდნენ.

იარაღის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები – რუსეთი, ჩინეთი და ისრაელი კვლევის ავტორებმა კორუფციის მაღალი რისკის ქვეყნებს მიაკუთვნეს. ყველაზე ცუდად არმიის ბიუჯეტი 10 ქვეყანაში, მათ შორის, ეგვიპტეში, სირიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კონტროლდება.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში თავდაცვის სექტორში კორუფციის მაჩვენებლი 20 მილიარდი დოლარით შეფასდა.