ჩიქოვანი: კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის გადაულახავი სხვაობები არ არსებობს

ჩიქოვანი: კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის გადაულახავი სხვაობები არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის მტკიცებით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს შორის გადაულახავი სხვაობები არ არსებობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩიქოვანმა განაცხადა,  თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გუნდი ქვეყნის საპრეზიდენტო მოდელს უჭერს მხარს, თუმცა ამასთანავე მიიჩნევს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე სრულფასოვანი საპარლამენტო კონტროლი აუცილებელია.

მისი თქმით,  ქვეყნის მოწყობასთან დაკავშირებით, მათი მიდგომა ახალი არ არის.

„ქვეყნისთვის ყველაზე სწორი იქნება საპრეზიდენტო რესპუბლიკა, მაგრამ არა ისეთი - როგორსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიგვაჩვია, არამედ რეალური საპარლამენტო კონტროლით. საარჩევნო კამპანიამ დაგვანახა, რომ ჩვენი განსხვავებების მიუხედავად, შეგვიძლია  საერთო გამოსავალი მოვნახოთ, რომელიც ქვეყნისთვის სასარგებლოა.  ვფიქრობ, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის არსებული სხვაობები არ არის სხვაობები, რომელთა გადალახვაც არ შეიძლება“, - აცხადებს დეპუტატი.

დეპუტატის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო კომისია შეიქმნება, რომელიც საკონსტიტუციო მოწყობაზე იმსჯელებს.