დარჩიაშვილი: სააკაშვილი პარლამენტში ყურადღებას ძირითადად, იმ თემებზე გაამახვილებს,  რომელზეც სტრასბურგში ისაუბრა

დარჩიაშვილი: სააკაშვილი პარლამენტში ყურადღებას ძირითადად, იმ თემებზე გაამახვილებს, რომელზეც სტრასბურგში ისაუბრა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენინსას, ყურადღებას ძირითადად, იმ თემებზე გაამახვილებს,  რომელზეც სტრასბურგში ისაუბრა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ისაუბრებს - თუ რა გაკეთდა და რა მიღწევებია საქართველოში.

„მათ შორის არჩევნების, ხელისუფლების გადაცემის მიმართულებით, როგორ უნდა იყენებდეს ახალი ხელისუფლება თავის უფლებამოსილებებს და რა არის სახელმწიფოს მართვის ტვირთი - 200 ე.წ. პოლიტპატიმრის სიის შედგენა, სადაც აშკარად კრიმინალები შედიან და რომელზეც ევროპელები ან იცინიან და ან სერიოზულად შეშფოთებული არიან, ჩახალიანის ამნისტიით გათავისუფლება და ცეზარ ჩოჩელის დაჭერა, თუ რაიმე სხვა“, - აცხადებს კანონმდებელი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პრეზიდენტი წლიური ანგარიშით საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარდგეს. პრეზიენტის პარლამენტში სტუმრობას, რეგლამენტი განსაზღვრავს, რომლის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს.

ამას გარდა, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, შეიძლება შესვენება გამოცხადდეს, რის შემდეგაც დეპუტატთა გამოსვლები იწყება და შეიძლება დებატებიც გაიმართოს. დებატების ფორმატს კი, დეპუტატები ბიუროს სხდომაზე შეაჯერებენ.

საგაზაფხულო სესია  თებერვლის პირველ სამშაბათს,  ანუ, 5 თებერვალს გაიხსნება და არ არის გამორიცხული, პრეზიდენტი პარლამენტში 6 თებერვალს მივიდეს.