უგულავა პარლამენტს ინიციატივით მიმართავს

უგულავა პარლამენტს ინიციატივით მიმართავს

მიკროავტობუსების მძღოლების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, დედაქალაქის მერია გაფიცულებსა და კომპანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩაერთო, - ამის შესახებ მერიაში გუშინ, გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა. 
მისი თქმით, დედაქალაქის მერი წერილობით მიმართავს პარლამენტს ინიციატივით, რომელიც გულისხმობს მძღოლებისათვის ყოველთვიურად ფიქსირებული გადასახადის დაწესებას, არაუმეტეს 10 ლარისა. საქმე ეხება იმ გადასახადს, რომელსაც მძღოლები, როგორც ინდმეწარმეები იხდიან. "ამ ინიციატივის გაზიარების შემდეგ ეს მნიშვნელოვანი მატერიალური შეღავათი იქნება მძღოლებისათვის", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
მისივე თქმით, აქამდე მძღოლებისთვის ფიქსირებული გადასახადი არ იყო დაწესებული და ისინი გადასახდებს შემოსავლების მიხედვით პროცენტულად იხდიდნენ.
თუმცა, მძღოლების მთავარი მოთხოვნაა ყოველდღიური გეგმის შემცირება.
თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები უკვე მეხუთე დღეა გაფიცულები არიან.