მძღოლების გაფიცვა დღესაც გრძელდება

მძღოლების გაფიცვა დღესაც გრძელდება

მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა და პროტესტი დღესაც გაგრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა თბილისის მერიაში, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსისა" და თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელობასთან გუშინ საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადეს. 
მათი განმარტებით, ვერ შედგა შეთანხმება ძირითად საკითხზე, რაც გულისხმობს ყოველდღიური გეგმის განსაზღვრას მძღოლებისთვის. გარკვეული წინსვლა მოლაპარაკებებში არის სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიც არის ინდმეწარმის სტატუსის მოხსნა მძღოლებისთვის, თუმცა, მძღოლების თქმით, მათთვის მთავრი პრობლემაა გეგმის საკითხი. ვინაიდან ამ თემაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ისინი გაფიცვას კვლავ განაგრძობენ. 
მორიგი საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან, 14:30 საათზე გაიმართება. საპროტესტო აქციის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფის წევრები სხვა მძღოლებს გააცნობენ მერიისა და "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლების პოზიციას, რის შემდეგაც მერიაში მორიგი შეხვედრა 16:30 საათზე გაიმართება. 
რაც შეეხება თბილისის მერიას და კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებს, მათ იმედი აქვთ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეული იქნება ისეთი შეთანხმებები, რომ მინიმუმ შეწყდეს მძღოლების გაფიცვა და თბილისის მცხოვრებლებს გადაადგილების საშუალება მიეცეთ. 
როგორც მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ განმარტა, მერიას აქვს კონკრეტული პოზიცია და აპირებს პარლამენტში წარადგინოს შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც მძღოლებისა და დამქირავებელი კომპანიის ურთიერთობას დაარეგულირებს. იგი იმედოვნებს, რომ მერიის ინიციატივა ამ პრობლემის გადაწყვეტაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. 
დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედს გამოთქვამს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელი გიგლა ჯაბიშვილიც და ვარაუდობს, რომ მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა დღეს შეწყდება.
თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები უკვე მეხუთე დღეა გაფიცულები არიან.