თბილისში  გამგეობების რაოდენობა  10-მდე გაიზარდა

თბილისში გამგეობების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში არსებული გამგეობების რაოდენობა 6-დან 10-მდე გაიზარდა.

საკითხის განხილვის დროს სხდომათა დარბაზი ფრაქცია „თავისუფლებამ“ დატოვა.

მისი თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის შეფასებით, გამგეობების რაოდენობის გაზრდა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი წევრების დასასაქმებლად სურს.

საკითხის მომხსენებელმა თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა,  ირაკლი აბესაძემ განმარტა, რომ თბილისის ათ ტერიტორიულ ერთეულად დაყოფის საკითხი მიზნად ისახავს, რომ გამგეობების მუშაობა უფრო ეფექტური გახდეს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კოკი იონათამიშვილის განცხადებით, აღიშნულ ცვლილებას არც ქალაქის ბიუჯეტი და არც რომელიმე სოციალური მიმართულება დაუზიანებია.

„ქალაქის მერიამ შემოიტანა წინადადება და გამგეობების რაოდენობა 6-დან 10-მდე გაიზარდა. ანუ თუ აქამდე იყო ვაკე-საბურთალო, ახლა ცალკე ვაკისა და ცალკე საბურთალოს  გამოგეობები შეიქმნება. ეს გამოიწვია იმან, რომ ძალიან ბევრი გადაწყვეტილებაა მყისიერად მისაღები და ეს მხოლოდ გამგეობებს ხელეწიფებათ. მაგალითად, გლდანი-ნაძალადევის გამგეობა დაახლოებით, 350 000 თბილისელს ემსახურებოდა, რაც ბუნებრივია, ამ პროცესს აფერხებდა“, - განაცხადა კოკი იონათამიშვილმა და აღნიშნა, რომ აქამდე არსებულ 6 გამგეობაში 470 ადამიანი მუშაობდა, ახლა კი მათ მხოლოდ 70 თანამშრომელი დაემატება.