ალექსი პეტრიაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში დისკუსიას მართავს

ალექსი პეტრიაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში დისკუსიას მართავს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ახალგაზრდული ატლანტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დისკუსიას მართავს. 
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი დისკუსია ეძღვნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებს, კონკრეტულ გეგმებს, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია. 
"ახალგაზრდულ ატლანტიკურ ორგანიზაციას დიდი ინტერესი და მზაობა აქვს, მიიღოს მონაწილეობა და სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურად ითანამშრომლოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვები და კონკრეტული გეგმები. მთავარი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არის უცვლელი, ეს არის საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია და საქართველო ამ გზიდან არ გადაუხვევს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. 
რაც შეეხება იმას, გაგრძელდება თუ არა ასეთი შეხვედრები, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან. მისი თქმით, არსებობს მრჩეველთა საბჭო როგორც ნატო-სთან, ისე ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში, უახლოეს მომავალში იქნება შეხვედრა კონკრეტულ თემებზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და განიხილება ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც წელს უნდა განხორციელდეს.