მერია

მერია "თბილისის მიკროავტობუსსა" და მძღოლებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერია კომპანია "თბილისის მიკროავტობუსსა" და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 
"თბილისის მერიის მთავარ ამოცანას თბილისელების უსაფრთხო, კომფორტული გადაადგილება და მგზავრობის ხელმისაწვდომი ტარიფის არსებობა წარმოადგენს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სამარშრუტო ტაქსების მოწესრიგება, ავტოპარკის სრული განახლება და მგზავრობის უსაფრთხოების ამაღლება, პირველ რიგში სწორედ თბილისელების ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება. ამასთანავე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსსა" და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს შორის არსებული ურთიერთობა, კერძო სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, დაიწყონ მოლაპარაკებები და დროულად გადაჭრან კომპანიის შიდა პრობლემები, რათა თბილისელები არ დაზარალდნენ. დღეს ასევე ითქვა, რომ გაუქმდეს თბილისის მერიის მიერ 2011 წელს ჩატარებული კონკურსის შედეგები. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კონკურსი კანონის სრული დაცვით ჩატარდა და ის სამართლიანობის პრინციპზე იყო დაფუძნებული. მისი რევიზიის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს და თუ რომელიმე მხარე, მათ შორის ე.წ. ხაზების ძველი მეპატრონეები კონკურსის შედეგებს სადაოდ მიიჩნევს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და საკუთარი პრეტენზია დააფიქსიროს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მძღოლებსა და კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებს, გამონახონ საერთო ენა, ცივილიზებული გზით გადაწყვიტონ არსებული დავა და პარალელურად ქალაქში სამარშუტო ტაქსებმა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა, რათა გათვალისწინებული იქნას თბილისელების ინტერესები", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, დილის 08.00 საათიდან, გლდანიდან, თემქადან და ვარკეთილიდან მომავალი ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. 
მძღოლების ინფორმაციით, სულ 600-მდე მანქანის მძღოლია გაფიცული და მათ გაფიცვას უერთდებიან სხვა ავტოპარკებიც. 
გაფიცული მძროლები დღეს, 17.00 საათზე თბილისის საკრებულოსთან აქციას გამართავენ.