მერაბიშვილი: ჩოჩელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება - სასაცილო  და თითიდან გამოწოვილია

მერაბიშვილი: ჩოჩელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება - სასაცილო და თითიდან გამოწოვილია

სიმბოლურია, როდესაც ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლების ფონზე ცეზარ ჩოჩელს აკავებენ.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივნმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, ჩოჩელი ერთ-ერთი ყველაზე პატრიოტი ადამიანია, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი და დაღუპული ადამიანების ოჯახებს ეხმარებოდა.

„ჩოჩელი პატრონი იყო ახალგორიდან დევნილი ჩვენი თანამოქალაქეების. ჩოჩელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება სასაცილო  და თითიდან გამოწოვილია“, - დასძინა მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სომეხი პატიმარი ვაჰაგნ ჩახალიანი გუშინ გათავისუფლდა, რომელსაც პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.  ხოლო, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დააკავა.