მერაბიშვილი: ვაჰაგნ ჩახალიანი არის რუსეთის დაზვერვის მთავარი ემისარი საქართველოში

მერაბიშვილი: ვაჰაგნ ჩახალიანი არის რუსეთის დაზვერვის მთავარი ემისარი საქართველოში

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბიშვილმა განაცხადა, ვაჰაგნ ჩახალიანი არის ჯავახეთში ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი და რუსეთის დაზვერვის დაუფარავი და მთავარი ემისარი საქართველოში.

„ჩახალიანი  ბოლო წლების ჯავახური სეპარატიზმის სულის ჩამდგმელი და  2003-2008 წლებში, იმ მოძრაობის ლიდერი იყო, რომელიც საქართველოდან რუსული ძალების გაყვანის წინააღმდეგ გამოდიოდა. პრემიერ-მინისტრი პირადად იყო ინფორმირებული, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან და უშიშროების საბჭოსგან -  თუ ვინ არის ჩახალიანი და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას საქართველოსთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, რაც ახალმა მთავრობამ მიიღო. ყველა სხვა საკითხს – ეკონომიკურს, პოლიტიკურს თუ საკადროს ეშველება, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლის გადადგმას გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სომეხმა პატიმარმა ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო გუშინ დატოვა.