პრემიერი დავოსში რუსულ საუზმეს დაესწრება

პრემიერი დავოსში რუსულ საუზმეს დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს დავოსში რუსულ საუზმეზეა მიწვეული. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. 
მისი თქმით, ამ საუზმეს ესწრება რუსეთის ბიზნესელიტა და ბიძინა ივანიშვილი სპეციალური სტუმრის სტატუსით არის მიწვეული. 
"მას ძალიან აინტერესებს ეს შეხვედრა, რადგანაც იქ შეიძლება შეხვდეს პოტენციურ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკით დაინტერესდებიან",-განაცხადა ფანჯიკიძემ.
კითხვაზე, ხომ არ იქნება ამ შეხვედრაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევიც, მაია ფანჯიკიძის თქმით, რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, იქ არ უნდა იყოს არც ერთი წარმომადგენელი რუსეთის პოლიტიკური წრეების და "წესით, არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი მედვედევი". 
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი დავოსში, არაოფიციალურ გარემოში 23 იანვარს გაესაუბრნენ ერთმანეთს. ეს ინფორმაცია დაადასტურა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და მასპინძლის მიერ ორგანიზებულ სადილზე ივანიშვილი და მედვედევი ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ და ამ შეხვედრას ყველა დელეგაციის პირველი პირი ესწრებოდა. 
ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსეთის პრემიერთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა.
"ეს იყო ჩვეულებრივი თავყრილობა, სადაც იყვნენ პირველი პირები და მის ფარგლებში მოხდა მათი შეხვედრა. ისინი ერთმანეთს მიესალმნენ, გაეცნენ, ერთ-ორი წუთი ისაუბრეს, მეტი არაფერი არ ყოფილა. ეს იყო მხოლოდ მისალმება, გაცნობა, ამიტომ, იქ არანაირი თემის განხილვა არ ყოფილა. შეუძლებელიც იქნებოდა იმ ვითარებაში სერიოზულ თემებზე ემსჯელათ",-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
დღესვე ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდება. პრემიერ-მინისტრი დავოსში პროგრამას ამით დაასრულებს.