საქართველოს რკინიგზა პროკურატურას მიმართავს

საქართველოს რკინიგზა პროკურატურას მიმართავს

 საქართველოს რკინიგზა 2012 წლის 7 ივლისს, საქართველოს რკინიგზასა და ვაგონშემკეთებელ კომპანიას შორის დადებული კონტრაქტის შესახებ მასალებს შესასწავლად მთავარ პროკურატურას გადაუგზავნის.

რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის  კოკა გუნცაძის განცხადებით, საქმე ეხება 2012 წლის 7 ივლისს საქართველოს რკინიგზასა და ვაგონშემკეთებელ კომპანიას შორის დადებულ კონტრაქტს, რომლის საერთო მოცულობა 112 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა.

,,2012 წლის 21 აპრილს საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭომ საკუთარი დადგენილების საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია მომსახურების შესყიდვა- საერთო მოცულობით 342 674 108 ლარი. ეს მოიცავდა 290 ახალ ხორბალმზიდს, 950 ვაგონცისტერნას და 1007 სხვადასხვა ტიპის ვაგონის კაპიტალურ შეკეთებას, მათი მომსახურების ვადის გაგრძელებით. 2012 წლის 4 მაისს გამოცხადდა ტენდერი, რომელიც თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდა. ამ პროცესში რამდენჯერმე შეიცვალა სატენდერო პირობები, შეიცვალა შესასყიდი ობიექტების რაოდენობა, თანხის მოცულობა, ვალდებულებების დაფარვის გრაფიკი, ანგარიშწორების წესი და ვადები. საბოლოოდ სატენდერო ღირებულების მთლიანი მოცულობა 112 353 852 ლარით განისაზღვრა. 2012 წლის 2 ივლისს გაურკვეველი მიზეზებით ეს ტენდერი ჩაიშალა. ერთადერთი წინადადება ვაგონშემკეთებელ კომპანიას ჰქონდა. ხუთი დღის შემდეგ `საქართველოს რკინიგზა~ ერთ პირთა მოლაპარაკებების გზით, ვაგონშემკეთებელ კომპანიას 112 353 852 ლარის ღირებულების კონტრაქტს უფორმებს და წინასწარ 50 პროცენტს უხდის”-განაცხადა  გუნცაძემ.

მისი თქმით, რკინიგზის მაშინდელი ერთ-ერთი დირექტორი დავით ჯინჯოლია, რომლის ინიცირებულიც იყო ეს პროცესი, ხდება ვაგონშემკეთებელი კომპანიის წილის მფლობელი.

,,ვაგონშემკეთებელ კომპანიას 2012 წლის 21 დეკემბრისთვის ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, რკინიგზისთვის უნდა დაებრუნებინა 30 ახალი ხორბალმზიდი, 160 გარემონტებული ვაგონი. არცერთი ხორბალმზიდი დაბრუნებული არ არის და გარემონტებულია მხოლოდ 35 ვაგონი. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახეზეა რკინიგზის მაშინდელი ხელმძღვანელობის და ვაგონშემკეთებელი კომპანიის მონაწილეობით, სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფინანსური სახსრების თაღლითური ფინანსური სქემა, რომლის საერთო ღირებულებასაც ამ ეტაპზე 50 პროცენტი, ანუ 56 მილიონ 363 ათასი ლარი შეადგენს. ამიტომ საქართველოს რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება ვაგონშემკეთებელ კომპანიას შეუჩეროს მომდევნო ტრანში და საქმის მასალები შესასწავლად პროკურატურას დღესვე გადაუგზავნოს”-აცხადებს გუნცაძე.