თავდგირიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ალასანიას საჯაროდ გაკრიტიკებას მიესალმება

თავდგირიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ალასანიას საჯაროდ გაკრიტიკებას მიესალმება

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ალასანიას საჯაროდ გაკრიტიკებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის დადასტურებაა.

"ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის მალავდა პოლიტიკური პროცესების არსს და შესაბამისად, მივიღეთ ხარვეზიანი დემოკრატია. რაც შეეხება ამ შემთხვევას, ვფიქრობ, კარგია, რომ საჯარო პოლიტიკასთან გვაქვს საქმე და ღიად ხდება ყველა პრობლემის გამოტანა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ესაა ზუსტად ის, რაც საჭიროა ქართული საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, შეიძლება ორივე მხარემ დაუშვას შეცდომები, მაგრამ ეს არაა უბედურება, უბედურება იქნებოდა, რომ ეს ყოფილიყო გასაიდუმლოებული, ჭორების საფუძველი _ ეს იქნებოდა დიდი ხარვეზი პოლიტიკური პროცესებისთვის. ჩვენ უნდა გავიზარდოთ", - განუცხადა გიორგი თავდგირიძემ "ინტერპრესნიუსს".

ექსპერტის განმარტებით, საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა გაუგებარია ალასანიას მხრიდან მაშინ, როცა თავდაცვის მინისტრს და მის გუნდს მნიშვნელოვანი ამოცანები აქვთ დაკისრებული.

"მე როგორც საზოგადოების წევრს, არ მაინტრესებს ალასანიას იმიჯი, ჩემთვის მთავარი პოლიტიკური პროცესია. აქედან გამომდინარე, ალასანიას იმიჯის დაზიანება არა არის საქართველოს პრობლემა, ესაა ალასანიას პრობლემა. გაუგებარია, ალასანიას ქმედება, რადგან მის პოლიტიკურ გუნდს მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს დაკისრებული – რამდენიმე სფერო აქვს ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, ჯერ ერთი სფერო არ ამოუწურავს და უკვე ცდილობს სხვა ნაბიჯის გადადგმას. ამიტომაც იყო პრემიერი გულწრფელი იყო და გუნდის წევრს დაუწუნა ის, რომ ჩქარობს და თავის აღებულ ვალდებულებას ღირსეულად არ უდგება", - აღნიშნა თავდგირიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებას დავოსიდან გამოეხმაურა. როგორც ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო. მისი თქმით, მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეიძლება მოუვიდეს.

"მან მოახერხა და მის გუნდში დაიწყო განხილვა, შეიძლებოდა თუ არა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტად. მერე მოხდა ისე, როგორც საქართველოში ხდება. ვიწრო წრეში ნათქვამი გავიდა, გავიდა და იმით დასრულდა, რომ ამაზე ერევანში მეკითხებოდნენ უკვე ჟურნალისტები", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც მან ახალი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ჩამოაყალიბა და გადაწყვიტა, პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო, მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოალიციას, ყველანი საქმის კურსში ჩააყენა და აუხსნა, რომ მისი თავმჯდომარეობა და ამ პარტიის რეგიონებში განვითარება არ იქნებოდა ისე, რომ დანარჩენ პარტიებს ხიბლი დაკარგვოდა.

"მე ასე ფრთხილად ვიქცეოდი. ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა, რომ საკუთარ გუნდთან დაიწყო განხილვა. ამ გუნდმა კი ეს ინფორმაცია გაიტანა და სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ჭორებს შეეწირა ალასანიას ვიცე-პრემიერობა.