ოზურგეთში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ხმაური მოჰყვა

ოზურგეთში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ხმაური მოჰყვა

ოზურგეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

სხდომაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სიტყვით ოპოზიციონერი დეპუტატი სერგო რატიანი გამოვიდა, რომელმაც ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.

რატიანს ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა სახლში შეკრებილი ხალხი დაუპირისპირდა, ვითარება კი, უმრავლესობის წარმომადგენლების ძალისხმევით განიმუხტა.

სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ შეკრებილ საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. რატიანის შეფასებით კი, საკონსტიტუციო ცვლილებები „უკან, წარსულში დაბრუნებაა“.

შეგახსენებთ, რომ კომისია, რომელსაც მანანა კობახიძე ხელმძღვანელობს ორ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მსჯელობს, რომლის მიხედვითაც, ერთის მხრივ, პარლამენტის ადგილსამყოფელი განისაზღვრება. ანუ, კონსტიტუციიდან ის მუხლი ამოდის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს განსაზღვრავს. მეორეს მხრივ კი, პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც,  უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევდა მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.