კახა დამენიას და დევი კანდელაკს 30-30 ათასლარიანი, იზაბელა გუტიძესა და გიორგი ნემსიწვერიძეს – 15-15 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ

კახა დამენიას და დევი კანდელაკს 30-30 ათასლარიანი, იზაბელა გუტიძესა და გიორგი ნემსიწვერიძეს – 15-15 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კახა დამენიას და „თელასის" გენერალურ დირექტორს დევი კანდელაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30-30 ათასლარიანი გირაო შეეფარდა, იზაბელა გუტიძესა და გიორგი ნემსიწვერიძეს – 15-15 ათასლარიანი გირაო.

დღეს გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარემ დამენიასა და გუტიძისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, დაცვის მხარე კი გირაოთი მათ გათავისუფლებას ითხოვდა.

ყველა მათგანს გირაოს გადასახდელად სასამართლომ 20-დღიანი ვადა მისცა, რომლის გადახდის შემდეგაც ისინი გათავისუფლდებიან.

დამენიას ბრალი 25-338-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც ქრთამის აღებაში დახმარებას ნიშნავს, ასევე სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმით ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთით ისჯება. ასევე სსკ 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და თავისუფლების 3-დან 6 წლამდე აღკვეთით ისჯება და ბოლოს, სსკ 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ნიშნავს.

რაც შეეხება იზაბელა გუტიძეს, მას ბრალი სსკ 3 მუხლით წაუყენეს, კერძოდ, სსკ 210 მუხლის მე-2 ნაწილი, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება-გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხევაში ჯარიმით ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთით ისჯება. ასევე 362-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება,  გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს და თავისუფლების 3-დან 6 წლამდე აღკვეთით ისჯება და ბოლოს, სსკ 375-ე მუხლი, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.