გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს

გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის ყველა იმ წარმომადგენელს მიმართავს, რომლებიც სხვადასხვა კარტელური შეთანხმებების გამო,  ვერ ახერხებს, ფეხი მოიკიდოს და აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა საქართველოს ბაზრებზე.

სამინისტროს ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესი ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქისთვის წლების მანძილზე ძირითადი შემოსავლის წყარო იყო.

დღეს ეს ხალხი მიზანმიმართულად შექმნილი მონოპოლიებისა თუ სხვადასხვა კარტელური შეთანხმებების გამო ან უსახსროდ დარჩა, ან იძულებული გახდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულიყო.

„ჩვენი მიზანია, სტიმული მივცეთ და სამეწარმეო მუხტი გავუღვიძოთ მათ, ვისაც კვლავ აქვს ბიზნესის წარმოების სურვილი და საშუალება. ამ მიზნით, ორშაბათიდან, 24 დეკემბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამოქმედდება ანტიმონოპოლიური ცხელი ხაზი. ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია დარეკოს შემდეგ ნომრებზე: 299 10 02;  299 10 03;  299 10 04.

სამწუხაროდ, მონოპოლიურ ეკონომიკას დიდი ინერცია აქვს, ჩვენი მიზანია, უმოკლეს დროში დავძლიოთ ეს ინერცია და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება მოვახერხოთ. ვიდრე დღეს არსებული კარტელური ურთიერთობები არ მოშლილა და არ შექმნილა კონკურენციის სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნება ჯგუფი, რომელსაც პირადად მე ვუხელძღვანელებ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქმე ეხება არა კომპანიებისთვის ფინანსურ დახმარებას, არამედ საუბარია მხოლოდ იმ ბიზნესმენების მხარდაჭერაზე, რომელთაც უკვე აქვთ საკუთარი ფინანსური წყარო ან საბანკო რესურსი და სურვილი აქვ,   საქმიანობა კანონიერი გზით დაიწყონ ან განაახლონ“, - აცხადებს კვირიკაშვილი.