ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტის დაცვა ჩვენი  ვალდებულებაა და დავიცავთ

ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტის დაცვა ჩვენი ვალდებულებაა და დავიცავთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის ინციდენტის გამოძიებას ბოლომდე იქნება მიყვანილი და ყველა დამნაშავე განურჩევლად დაისჯება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერია.

აღნიშნულის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს პრეზიდენტს და მის ინსტიტუტს და სათანადოდ დაიცვას ის და ამ მოვალეობას აუცილებლად შეასრულებს. „გაჟღედა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქუთაისის ინციდენტის დროს, პოლიცია ადგილზე არ იყო. ამას არ ვადასტურებ. ადგილზე 30 პოლიციელი იმყოფებოდა და რაც ევალებოდა, გააკეთეს. რა თქმა უნდა,  იქ იყო პრეზიდენტის დაცვაც, რომელსაც ასევე აქვს კონკრეტული ვალდებულებები. არ ვთვლი, რომ პრეზიდენტი დაუცველია. ის ძალიან კარგად არის დაცული. ეს ჩვენი ვალია, ჩვენი ვალდებულებაა და დავიცავთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა რეგიონებში საკრებულოებთან მიმართებაში მომხდარ ინციდენტებს.

ღარიბაშვილის თქმით, ამ შემთხვევაშიც ადგილზე იყვნენ პოლიციელები, „თუმცა, როგორც ჩანს, საპროტესტო აქციების მონაწილეების რიცხვის არაადეკვატური“.

„პოლიცია ასეთ შემთხვევებში იქნება კიდევ უფრო კარგად მობილიზებული და ამ მიმართულებით მიდგომას კიდევ გავამკაცრებთ. პოლიცია ასრულებს მოვალეობას და მოწოდების სიმაღლეზე იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.