პეტრიაშვილი: არის  პირველი ნიშნები, რომ ურთიერთობების აღდგენა უკვე აღიქმება რუსეთის მხრიდან, როგორც შეუქცევადი პროცესი

პეტრიაშვილი: არის პირველი ნიშნები, რომ ურთიერთობების აღდგენა უკვე აღიქმება რუსეთის მხრიდან, როგორც შეუქცევადი პროცესი

საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპირობო მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე არ მინახავს პოლიტიკოსი, რომელსაც არ ეთქვას, რომ - კარგია, საქართველომ და რუსეთმა კიდევ დამატებითი არხი რომ გამოძებნეს საუბრისთვის. ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ჟენევის პროცესს რამე ემუქრება, ჟენევის პროცესი დარჩება მთავარ ფორუმად რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებისათვის. ამავე დროს, ზურაბ აბაშიძის არაფორმალური შეხვედრები კონკრეტულად მიძღვნილი იქნება ისეთ საკითხებში ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, როგორიც არის ვაჭრობა, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, ქართული მხარის ინტერესებში მართლაც შედის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა და ქართული მხარე აპირებს ამ მიმართულებით ყველა მექანიზმის გამოყენებას აპირებს, მათ შორის, თანხმობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რომელიც, როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, აქამდე ეფექტურად არ იყო გამოყენებული.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, იმისათვის, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაბრუნდეს რუსეთის ბაზარზე, მაგრამ მინდა ძალიან პრინციპულად განვაცხადო, რომ სასწორზე ქართული პროდუქციის რუსეთში დაბრუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ან საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ერთად ვერასოდეს ვერ მოხვდება. ეს გამორიცხულია, და ეს ძალიან მკაფიოდ იცის რუსეთის მხარემაც“ - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თანმიმდევრულად, გეგმაზომიერად განხორციელდება და ამავე დროს გაგრძელდება სვლა ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით.

„ჩვენ პრინციპულად გავაგრძელებთ ჩვენს ხაზს, რომელიც არის უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად მოხდება. ყველა ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს თანმიმდევრული და მომავალში ამ მიმართულებით დინამიკა უნდა გაიზარდოს. ამავე დროს ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით სვლა გრძელდება. ტემპი არათუ დაეცა არამედ მოხდა მისი ინტენსიფიკაცია. არის იმის პირველი ნიშნები, რომ ეს უკვე აღიქმება რუსეთის მხრიდან, როგორც შეუქცევადი პროცესი. ჩვენი მხრიდან წინაპირობები დაყენებული შეგნებულად არ იყო, რადგან წინაპირობებით ლაპარაკის დაწყება არაფერს მოგვიტანდა. ამიტომაც, ის ძირითადი პრობლემური საკითხები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტთან, დარჩა ჟენევის ფორმატში და დაიწყო ძიება იმ მექანიზმების, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, უახლოეს მომავალში გამოირიცხოს რაიმე კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია და გადაიდგას პირველი ნაბიჯები ურთიერთნდობის აღდგენისკენ“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.