დაოსის ფორუმში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას

დაოსის ფორუმში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს დაგეგმილ დაოსის ფორუმში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნულის შესახებ, ალექსი პეტრიაშვილმა დღეს, for.ge -ის პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

პეტრიაშვილის განცხადებითვე, მომავალი წლიდან საქართველოში მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტი გაგრძელდება და აღნიშნავს, რომ ასევე დაგეგმარების პროცესშია ორმხრივი ვიზიტებიც.

„რამდენადაც ვიცი,  პრემიერ-მინისტრი დაოსის ცნობილ ფორუმში აპირებს  მონაწილეობის მიღებას. იცით, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო ბიზნეს სამყაროში ძალიან სერიოზული წონა და ავტორიტეტი აქვს და ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით,  რომ უცხოური პირდაპირი ინვესტიციების და საინვესტიციო ფონდების მობილიზება შესაძლებელი გახდეს.

ბუნებრივია, მთავრობის ხელმძღვანელობის წინაშე, ეს ყველაზე მთავარი ამოცანაა, რადგან ინვესტიციების მოზიდვით, ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას გარემო, რომელიც საბოლოოდ, იქნება კონკურენტუნარიანი, ანტიმონოპოლიური და ელიტურ კორუფციას დაასამარებს. ასევე მნიშვნელოვანია, უცხოელ ინვესტორებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა და განცდა,  რომ თავიანთ ინვესტიციებს  სტაბილურ ქვეყანაში ახორციელებენ. რა თქმა უნდა,  დაგეგმარების პროცესშია ორმხრივი ვიზიტებიც.  როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი  ასევე,   აზერბაიჯანში მიემგზავრება და  ჩვენს მეზობელთან, სტრატეგიულ პარტნიორთან  ძალიან მნიშვნელოვანი და  სერიოზული მოლაპარაკებები შედგება, რათა შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები გამოიკვეთოს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.