რუსეთმა „მაგნიტსკის აქტის“ საპირწონე კანონი დაამტკიცა

რუსეთმა „მაგნიტსკის აქტის“ საპირწონე კანონი დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც „მაგნიტსკის აქტის“ საპირწონეა. უკვე დამტკიცებული ნორმით, ამერიკელ მოქალაქეებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში, აგრეთვე რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებში, აეკრძალებათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა და გაიყინება რუსეთის ტერიტორიაზე მათი საბანკო ანგარიშები.

რუსეთის ხელისუფლებისთვის ე.წ „შავი სიების“ წარდგენა შეუძლიათ რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბჭოს წევრებს, პოლიტიკურ პარტიებს, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის უფლებადამცველებს.

დუმის დეპუტატებმა ასევე მიიღეს კანონი, რომელიც ამერიკელ მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილებას კრძალავს.

ახალი კანონით, იმ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას ამერიკიდან იღებენ, შეუწყდებათ საქმიანობის გაგრძელების უფლება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ამერიკიდან დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ კი, ისინი უფლებამოსილნი იქნებიან, საკუთარი მოღვაწეობა გააგრძელონ.

რუსეთის დუმის მიერ მიღებულ კანონს 26 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტს წარუდგენენ, ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ვლადიმერ პუტინი კანონს ხელს მოაწერს.