ალექსი პეტრიაშვილი: მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოში სამოქალაქო კონფრონტაცია გამორიცხულია

ალექსი პეტრიაშვილი: მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოში სამოქალაქო კონფრონტაცია გამორიცხულია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში სამოქალაქო კონფრონტაციას გამორიცხავს.

როგორც მან დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლების სათავეში მყოფ ლიდერებს შესწევთ იმის ძალა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს.

„მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოში სამოქალაქო კონფრონტაცია გამორიცხულია. დღეს ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ძალა და პრემიერ-მინისტრია, რომელსაც ყველა ღონე შესწევს იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა განცხადებებს გააკეთებს პრეზიდენტი. მან ქვეყნის გარეთაც რამდენიმეჯერ არარელევანტური და არაადეკვატური განცხადება გააკეთა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მე ამას სერიოზულად არ ვუყურებ. მე ვხედავ, რომ ჩვენს ქალაქში და რეგიონებში ძალიან აქტიურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი პირადი შემადგენლობა, მათ შორის პატრული. ვითარება კონტროლს ექვემდებარება და კონფრონტაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, თუკი დღეს მთავრობის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები ვინმეს არ შეიძლება აწყობდეს, ეს ოპოზიციაში მყოფი პრეზიდენტი და მისი გუნდია.

„ეს იმიტომ რომ რეალურად  ძალთა ბალანსი განსხვავებულია. ადმინისტრაციული რესურსი, ძალოვანი სტრუქტურები არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა ხალხის არჩევანში და გარწმუნებთ, რომ ეს არჩევანი კიდევ უფრო მტკიცე იქნება ხელისუფლებაში მყოფი ძალის სასარგებლოდ“ - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ თანაარსებობის პირობებში საპარლამენტო მუშაობაც უნდა გაგრძელდეს და ოპოზიციური ძალაც შენარჩუნდეს.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველთვის უნდა არსებობდეს პრულარიზმი და ყველა პოლიტიკოსის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული, თუმცა ეს პასუხისმგებლობისგან არავის გაათავისუფლებს.

„ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ყველა განცხადებას და მთელი სიმძაფრით არ ვრეაგირებთ კონკრეტულ განცხადებებზე. მე პირადად ვხედავ გაღიზიანებას, აღგზნებას საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებში, მაგრამ ვერ ვხედავ ვერანაირი შეშფოთების საფუძველს, იმიტომ რეალურად მისი განცხადებები ყოველგვარ ძალას მოკლებულია. ის, რომ საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებში დღევანდელი მმართველი ძალა გაცამტვერდება, ღიმილის მომგვრელია. ამას კარგად ცნობილი NDI-ს და IRI-ს კვლევებიც ადასტურებს და დღეს სერიოზული პოლიტიკოსი ასეთ განცხადებებს ნამდვილად არ უნდა აკეთებდეს“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.