ელმარ ბროკი: მნიშვნელოვანია, საქართველოში გაგრძელდეს განვითარება, რაც შესაძლებელს გახდის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გამეორებას

ელმარ ბროკი: მნიშვნელოვანია, საქართველოში გაგრძელდეს განვითარება, რაც შესაძლებელს გახდის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გამეორებას

მნიშვნელოვანია, საქართველოში გაგრძელდეს განვითარება, რაც შესაძლებელს გახდის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გამეორებას - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა ჟურნალისტებს, ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტს სურს თანამშრომლობა საქართველოს ახალ მთავრობასთან, ისევე როგორც ამას ძველი მთავრობის დროს აკეთებდა.

„გვსურს თანამშრომლობა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. გვინდა, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ასოციაციის ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ევროპის პარლამენტი ამ ხელშეკრულებებს დაამტკიცებს. მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა განხორციელდა; იმედი გვაქვს, ასევე განხორციელდება კოჰაბიტაცია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში გაგრძელდეს განვითარება, რაც შესაძლებელს გახდის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გამეორებას" - განაცხადა ელმარ ბროკმა.

ამასთან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას განაგრძობს.

„ეკონომიკური და ფინანსური კრიზისისას ევროკავშირსაც ჰქონდა პრობლემები, რომელიც წარმატებით დაძლია. ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ არის მომავლის ძალა და ჩვენ, როგორც ევროკავშირის ნაწილს, გვსურს, გვქონდეს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან" - აღნიშნა ელმარ ბროკმა.