სოსო ცინცაძე: პრაქტიკულად, ცივი ომი  სახეზე გვაქვს

სოსო ცინცაძე: პრაქტიკულად, ცივი ომი სახეზე გვაქვს

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიჩნევს, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად, ცივი ომი  სახეზე გვაქვს.ამის შესახებ განცხადება, პოლიტოლოგმა from.ge-სთან საუბარში, ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას გააკეთა.

ცინცაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხრიდან მწვავე განცხადებები კეთდება, ეს პოლიტიკური კრიზისი არაა და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ყველა შტო, ასე თუ ისე, ნორმალურად ფუნქციონირებს.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ პრემიერი და პრეზიდენტი ემოციების მოთოკვას შეძლებენ და აღნიშნავს, რომ ისინი მშვიდობიანი თანაარსებობისთვის არიან განწირულნი.

„პრაქტიკულად,  ცივი ომი სახეზეა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს უკვე, პოლიტიკური კრიზისია. არა,  ეს ნამდვილად არაა პოლიტიკური კრიზისი, ვინაიდან ხელისუფლების ყველა შტო, ასე თუ ისე, ნორმალურად ფუნქციონირებს. სხვა საკითხია ის, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ უნდა იყოს, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის სხდომებს არ დაესწრებიან,  იგივე პარლამენტი გვექნება, როგორიც უკანასკნელ წლებში გვქონდა. ეს ცუდია.

სხვა მხრივ,  ვფიქრობ,  რომ პრეზიდენტი და პრემიერიც შეძლებენ ემოციების მოთოკვას,  რადგან მათი დაპირისპირების შემდგომ ესკალაცია,  უფრო  სახელმწიფოს და მოქალაქეებს აზიანებს“, - განაცხადა ცინცაძემ.

ცინცაძე მიიჩნევს, რომ მწვავე განცხადებები, ქუთაისში რამდენიმე დღის წინ, მომხდარმა ინციდენტმა განაპირობა და აცხადებს, რომ თუ ამ ფაქტის გამოძიება სამართლიანად მოხდება, პრეზიდენტისა და პრემიერის თანაარსებობა ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდება.

„პრეზიდენტის და პრემიერის მწვავე განცხადებები, მეტწილად ქუთაისის ინციდენტით  იყო პროვოცირებული. ეს ინციდენტი, თუ მართლაც, სამართლიანად იქნა გამოძიებული, ეს ახალი ხელისუფლების ტესტი  იქნება.  ის, რაც მოხდა ქუთაისში დასაგმობი კი არა, აღმაშფოთებელია. ეს  ველური სისასტიკის გამოვლინება იყო.  შესაბამისად, თუ ეს ინციდენტი გამოძიებული იქნება და რამდენიმე ადამიანი დაისჯება, ვფიქრობ,  მშვიდობიანი თანაარსებობა ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდება. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული, თუ ხელისუფლებამ  ნებისმიერ  ძალისმიერ ქმედებებს ერთხელ და სამუდამოდ ალაგმავს. ეს იქნება პრეზიდენტის, ადგილობრივი ხელისუფლების თუ სხვათა  მისამართით.  ძალადობა არ შეიძლება. სამწუხაროდ, დღეს სახეზე გვაქვს ძალადობის ფაქტები, რომლებიც დღითიდღე სულ უფრო და უფრო რადიკალურ სახეს იღებს. ხელისუფლებამ ეს ძალადობა თუ ალაგმა,  მეტ-ნაკლებად ნორმალური ვითარება აღდგება“, - განაცხადა ცინცაძემ.

მისივე თქმით, პრემიერმა და პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადეს და დასავლეთს, ცივილიზებულ მსოფლიოს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობა მისცეს.

„რასაკვირველია, თანაცხოვრებაზე ცოტა რთულია საუბარი, მაგრამ მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელია. ერთმანეთის მიმართ,  შეურაცხმყოფელი განცხადებები, ქვების სროლა და ძალადობრივი ქმედებები არ უნდა იყოს. ვფიქრობ,  დადგება იმის აუცილებლობა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა თავიანთ მომხრეებს ცოტა ყური აუწიონ“, - განაცხადა ცინცაძემ.