სააკაშვილი: თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი დღევანდელი სახით დარჩება,  ვეტოს გამოვიყენებ

სააკაშვილი: თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი დღევანდელი სახით დარჩება, ვეტოს გამოვიყენებ

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი  იმ ფორმით დამტკიცდება, რა ფორმითაც ახლაა, ვეტოს გამოიყენებს.

„ახლა არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონი შეტანილი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, უკვე ფორმალურადაც. საუბარია იმაზე, რომ რომც მოინდომონ მოსამართლეებმა წინააღმდეგობის გაწევა პროკურატურისადმი, პრემიერ-მინისტრისადმი, იუსტიციის სამინისტროსადმი, ამის ფორმალური საშუალებაც აღარ ექნებათ. მე მინდა ვუთხრა პარლამენტის წევრებს, მათ იციან, რომ ვენეციის კომისიამ მოითხოვა ამ კანონპროექტის განხილვის გადადება, მაგრამ თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს. ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში და ამ შემთხვევაში მოქალაქეებს აღარაფრის იმედი აღარ ექნებათ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო არის იმ საფრთხის წინაშე, რომ სასამართლო ინსტიტუტი მთლიანად აღმოჩნდეს დამოუკიდებლობის გარეშე.

„ერთ საათზე მეტი ხანი ვისაუბრე თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალგაზრდა თანამშრომელთან,  ახალგაზრდა გოგონასთან, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოს პოლიციის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი წნეხის, შანტაჟის ქვეშ. ეს შანტაჟი უკავშირდებოდა პირად საკითხებს, უკავშირდებოდა მის სამსახურებრივ მდგომარეობას და ამ შანტაჟის მთავარი ამოცანა იყო, რომ მოეხდინათ მისი უკანონო თანამშრომლოდ ქცევა და მოეპოვებინათ ინფორმაცია ქალაქის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეებზე, რომლებიც გასცემენ სასამართლო სანქციებს დაპატიმრების თაობაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პროკურატურას სჭირდება სასამართლოსგან, მიუხედავად იმისა, რომ საქმეებს, რომლებსაც ისინი წარადგენენ არის სამარცხვინო და ძალიან სუსტი, დაპატიმრების სანქცია. მათ სჭირდებათ, რომ ყველა, ვინც მიდის სასამართლოში, იქნას დაპატიმრებული. მინდა ვთქვა, რომ ეს არის სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის წარმოუდგენელი ფაქტი. ამის პარალელურად მოხდა უზენაესი სასამართლოს წევრების და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების დაბარება იმ საქმეებზე, რომელიც არ უკავშირდება პირდაპირ მათ სასამართლო საქმიანობას, მაგრამ უკავშირდება წინა წლების ფაქტებს. ეს ყველაფერი მოჰყვა პირდაპირ მუქარას იუსტიციის მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების მიერ მოსამართლეების მიმართ. ერთი სიტყვით, ჩვენ ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ საქართველოში სასამართლო ინსტიტუტი მთლიანად აღმოჩნდეს დამოუკიდებლობის გარეშე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პარლამენტმა გუშინ, პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე, სასამართლოებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ, შეთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“, „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარული სამართალწარმოების შესახებ“, „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ“ კანონებში და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ აისახება.