საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე მტკიცებულებები გამოაქვეყნა

საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე მტკიცებულებები გამოაქვეყნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების ალექსანდრე ხეთაგურის, ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ დოკუმენტებს შორისაა შპს „ელენდეფსერვისისთვის" თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებული საბანკო ამონაწერი და 10 მოწმის ჩვენება, რომელთა შორისაც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ალეკო ხეთაგურის მოადგილე მარიკა ვალიშვილიცაა.

გარდა ამისა, უწყება აქვეყნებს გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათს და ნიკა გვარამიას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით კომპანიის პარტნიორთა კრების 14.11.2012 წლის სხდომის ოქმს.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათთან ერთად გვარამიას „რუსთავი 2"-ის დირექტორად დანიშვნის გადაწყვეტილების ოქმი იმ შეფასების საპასუხოდ გამოაქვეყნეს, თითქოს მისი აყვანა, სწორედ აღნიშნულ ტელეკომპანიაში მის საქმიანობას უკავშირდება.
„2012 წლის 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ელენდეფ სერვისის" დამფუძნებლის გიორგი ნემსიწვერიძის მიერ ცრუმეწარმეობის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული სსკ 193-ე მუხლით). გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კონკრეტული ინფორმაცია: გიორგი ნემსიწვერიძის მიერ 2012 წლის 26 ივლისს დაფუძნდა შპს „ელენდეფ სერვისი", რომლის დირექტორიც თავად იყო. რეგისტრაციის დღიდან საზოგადოებას სამეწარმეო საქმიანობა არ ჰქონდა განხორციელებული. მიუხედავად აღნიშნულისა, საბანკო ანგარიშებზე დაუფიქსირდა ავანსის სახით მიღებული დიდი ოდენობით  თანხა. 2012 წლის 9 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს გ. ნემსიწვერიძის მობილური ტელეფონის ნომერზე. ფარული მიყურადება-ჩაწერის განხორციელებისათვის ნებართვის მიღების მიზნით, რაზედაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა ფარული მიყურადების ნებართვა (2012 წლის 10 ნოემბრიდან 2013 წლის 10 იანვრამდე.)

2012 წლის 12 ნოემბერს დილის საათებში, გ. ნემსიწვერიძეს საქმის მწარმოებელი გამომძიებლის მიერ, სასამართლოს შპს „ელენდეფ სერვისის" საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების თაობაზე განჩინება ჩაბარდა. მას შემდეგ, რაც გ.ნემსიწვერიძემ გამომძიებელს განუმარტა, რომ არანაირი დოკუმენტაცია საწარმოს იურიდიულ მისამართზე, ანუ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში არ ინახებოდა, იგი მოწმის სახით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დასაკითხად დაიბარეს. მას შემდეგ, რაც გ. ნემსიწვერიძე გამომძიებელთან გამოცხადდა და მისთვის დეტალურად გახდა ცნობილი გამოძიების არსი, იგი 10:31 საათზე საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრიდან 599 94-42-24  იმ დროისათვის გამოძიებით დაუდგენელ პირს ნომერზე 577 20-12-12 დაუკავშირდა, რომელსაც სთხოვა ადვოკატის აყვანა და ამვდროულად ჰკითხა, თუ სად ინახებოდა მის მიერ დაფუძნებული საწარმოს დოკუმენტაცია, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ დოკუმენტები ინახებოდა  კახა დამენიასთან. თავდაპირველად მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, მობილური ტელეფონის ნომრით 577 20-12-12 სარგებლობდა ვინმე „გიორგი".  ვინაიდან სატელეფონო საუბრებიდან გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ნომრით მოსარგებლე პირი იყო დანაშაულებრივ კავშირში გ.ნემსიწვერიძესთან და ფლობდა ინფორმაციას მომხდარი დანაშაულის შესახებ, 2012 წლის 13 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ  სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ხსენებული გამოძიებით დაუდგნელი პირის მობილური ტელეფონის ნომერზე ფარული მიყურადების ნებართვის მისაღებად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის ბრძანებით გაცემული იქნა ნებართვა მობილური ტელეფონის ნომერზე  577 20-12-12 სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერაზე (2012 წლის 12 ნოემბრიდან 2013 წლის 12 იანვრამდე პერიოდი). მობილური ტეელფონის ნომერი 577 20-12-12 2011 წლის 11 სექტემბრიდან რეგისტრირებულია შპს „ფიუჩარ პროდაქტ კომპანის წარმომადგენლობა საქართველოზე", სადაც ნ. გვარამია მუშაობდა მთავარ იურისტ-კონსულნტანტად 2012 წლის 14 ნოემბრამდე. ხსენებული მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარული-მიყურადება ჩაწერის პროცესში დადგინდა, რომ აღნიშნული ნომრით ნიკა გვარამია სარგებლობდა, რომელსაც ამჟამად იმუნიტეტი არ იცავს. 2012 წლის 18 დეკემბერს, მთავარი პროკურატურის პროკურორის შესაბამისი დადგენილებით, საქართველოს კანონის „ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ“ მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად მოხდა ზემოხსენებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ოპერატიული მასალის განსაიდუმლოება და აღნიშნული ინფორმაციას გასაჯაროება მოვიდა კანონთან შესაბამისობაში" - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ბმული: თელასის საქმესთან დაკავშირებული მასალები, http://is.ge/News/2216