პეტრე ცისკარიშვილი: ასე იწყებოდა რუსეთში დაჭერები და დაპატიმრებები პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ

პეტრე ცისკარიშვილი: ასე იწყებოდა რუსეთში დაჭერები და დაპატიმრებები პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ

ასე იწყებოდა რუსეთში დაჭერები და დაპატიმრებები პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აქ ისინი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მყოფი მეგობრების მხარდასაჭერად და ასევე „რუსთავი2"-სთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად იმყოფებიან.

„ასე იწყებოდა რუსეთში დაჭერები და დაპატიმრებები პუტინის არჩევის შემდეგ. საქართველოში დაახლოებით იგივე პროცესებს ვადევნებთ თვალს. ყველაფერი ძალიან ცუდი სცენარით ვითარდება, რომელიც ჩვენს ქვეყანას დიქტატურისკენ მიაქანებს" - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით კი, დღეს ისინი აქ იმყოფებიან იმისთვის, რომ გაარკვიონ, „თუ სად წავა ეს ქვეყანა".

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სიტყვით მიმართავენ შეკრებილ მოქალაქეებს. აქ იმყოფებიან როგორც ოპოზიციის ლიდერები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის თეა თუთბერიძე, გიგა ნასარიძე, მუსიკოსი აჩიკო გულედანი, ხელოვანი დეფი გოგიბედაშვილი და სხვა პირები. აქციის მონაწილეები გუშინ დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ.