პაატა ზაქარეიშვილი: სიტყვამ „რეინტეგრაცია“ გააფუჭა ისეთი კარგი სახელი, როგორიცაა „ინტეგრაცია“

პაატა ზაქარეიშვილი: სიტყვამ „რეინტეგრაცია“ გააფუჭა ისეთი კარგი სახელი, როგორიცაა „ინტეგრაცია“

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს სახელწოდება ეცვლება. ამის შესახებ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგმულია, თუმცა ჯერჯერობით პროცესი დასრულებული არ არის.

მინისტრის განმარტებით, სამინისტროს სახელწოდების შეცვლა განაპირობა იმან, რომ სიტყვა „რეინტეგრაცია“ „ჰაერში გამოკიდებული ცნებაა“ და საერთოდ არ შეესაბამება იმ საქმიანობას, რაც რეალურად სამინისტროს ეკისრება.

„რეინტეგარცია“ თავისი არსით გულისხმობს, რომ ოდესღაც არსებობდა რაღაც ინტეგრაცია, შემდეგ ის შეწყდა, და ახლა ხორციელდება რეინტეგრაცია. იყო განმარტებები თავის დროზე, როცა მას ეს სახელი დაერქვა. ჩემი აზრით ეს იყო იმ შეცდომათა შორის რიგითი ერთ-ერთი შეცდომა, არა მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც შეცდომა, რომელმაც ჩვენ საბოლოო ჯამში მიგვიყვანა ომამდე“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სამინისტროს სახელი 2008 წლის თებერვალში შეეცვალა, მანამდე კი მას ერქვა სახელმწიფო მინისტრის აპარატი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, რაც ზაქარეიშვილის თქმით,  უფრო შეესაბამებოდა არსებულ რეალობას.

„სამწუხაროდ, სახელის შეცვლის შემდეგ, გაწყდა კონტაქტები აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ეს მათთვის მოხდა და მართლაც ასე იყო. ანუ, ეს ნიშნავდა, რომ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის არ არსებობს კონფლიქტი, ყველაფერი მოგვარებულია და არსებობს მხოლოდ ინტეგრაციის პრობლემა. ე.ი. აფხაზები ოდესღაც იყვანენ ინტეგრირებული საქართველოსთან და ახლა რეინტეგრაციის პრობლემა დგას. თავისთავად ეს არის უცნაური, რადგან აფხაზები ინტეგრირებული საქართველოსთან საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ. შესაბამისად, როცა ლაპარაკი იყო რეინტეგრაციაზე, ის მოგონილი იყო და არ შეესაბამებოდა სინამდვილეს“ - განმარტა პაატა ზაქარეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ვიდრე სამინისტრო „რეინტეგრაციის“ სახელწოდებით არსებობს, აფხაზები და ოსები ფეხს ითრევენ ამ სახელწოდების სამინისტროსთან ურთიერთობაში.

„ისინი თვლიან, რომ ჩვენ სულ სხვა პოლიტიკას ვახორციელებთ მათ მიმართ, ვიდრე რეალობაა. რეალობა კი ის არის, რომ არსებობს კონფლიქტური ურთიერთობა, არსებობს მოსაგვარებელი პრობლემა. სამინისტროს კი, რომელიც ამას აგვარებს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი სახელი. სიტყვამ „რეინტეგრაცია“ გააფუჭა ისეთი კარგი სახელი, როგორიცაა „ინტეგრაცია“, რომელიც შეეხება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს. ჩვენ გვინდოდა ყოფილიყო ინტეგრაცია, მაგრამ გამოგვივიდა ფარისევლობა. ამ არასწორმა დასახელებამ „რეინტეგრაციამ“ უკვე ინტეგრაციის მიმართაც მიუღებლობა გამოიწვია. ამიტომ, ჩვენ მომავალ სახელწოდებაში საერთოდ არ იქნება ნახსენები სიტყვა ინტეგრაცია. მუშაობა მიმდინარეობს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნა ევალება საქართველოს პრეზიდენტს და მასზე არის გარკვეული საკითხები. ახლა ჩვენ კოჰაბიტაციის პერიოდში ვართ და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მივიღებთ სახელს, რომელიც მეტნაკლებად შეესაბამება რეალობას“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.